fbpx

დომინიკ ტარჩინსკიმ განაცხადა, რომ კატარგეიტის კორუფციულ სკანდალში შეიძლება ასამდე ევროპარლამენტარი იყოს ჩართული

პოლონეთის საზოგადოებრივ რადიო 3-თან საუბრისას პოლონელმა ევროპარლამენტარმა, დომინიკ ტარჩინსკიმ განაცხადა, რომ კატარგეიტის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების თვალთახედვის არეში სულ უფრო მეტი ევროპელი პოლიტიკოსი ხვდება.
„სკანდალში შეიძლება ასამდე ევროპარლამენტარი იყოს ჩართული“, – განაცხადა ტარჩინსკიმ.
კორუფციულმა სკანდალმა, რომელმაც მთელი ევროპა შოკში ჩააგდო და მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიიპყრო, რამდენიმე ევროპარლამენტარისა და მაღალჩინოსნის კარიერა შეიწირა. მას შემდეგ, რაც ბელგიის პოლიციამ ოფისები და რეზიდენციები გაჩხრიკა, ზოგიერთ მათგანს ხელბორკილებიც კი დაადეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქაღალდის პარკებსა და ჩემოდნებში ქრთამის სახით აღებული 1,5 მილიონი ევრო აღმოაჩინეს.
დომინიკ ტარჩინსკის თქმით, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა (ABW) გამოძიების დასაწყისში საკვანძო როლი შეასრულა და ბელგიელ გამომძიებლებს ინფორმაცია მიაწოდა. პოლონელმა ევროპარლამენტარმა ისიც განაცხადა, რომ სკანდალის შესახებ ახალი ინფორმაცია ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის, დასაკავებლად გაცემული ორდერის გამჟღავნების შედეგად მოიპოვა.
ტარჩინსკის განცხადებით, რომელიც კონსერვატიული პარტია Law and Justice-ის წევრია, სააშკარაოზე მუდმივად გამოდის ახალი გვარები. ერთ-ერთი პოლონური რადიოს (Radio Szczecin) ინფორმაციით, სამართლადამცავებმა კიდევ ორი ევროპარლამენტარი დააკავეს. გარდა ამისა, არსებობს „ინფორმაცია, რომ კაილიმ საერთო ჯამში 10 მილიონ ევროზე მეტი აიღო, მაშინ, როცა ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ციფრი ნახევარი მილიონიდან 1,5 მილიონამდე (ევრო) მერყეობდა“, – განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქრთამის შესახებ ინფორმაცია ევა კაილის სატელეფონო საუბრებიდან მოიპოვეს.
ტარჩინსკი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტში მთელი საკანონმდებლო პროცესი უნდა გადაიხედოს და კორუფციული სკანდალის ყველა მონაწილე უნდა გამოვლინდეს. შემდეგ უნდა გამოიძიონ თუ ვინ შეაგულიანა მექრთამეობასთან დაკავშირებული შეთქმულება, რადგან კვალი არა მარტო კატარისა და მაროკოსკენ, არამედ რუსეთისკენაც მიდის.
„ეს სკანდალი გაგრძელდება, უფრო მეტი გვარები და ვერსიები ამოტივტივდება“ – განაცხადა დომინიკ ტარჩინსკიმ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ოფიციალური პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, კატარმა მოისყიდა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაფიქსირებას ცდილობდნენ. პოლონელი ევროპარლამენტარის აზრით, ევროპარლამენტის მიერ წარსულში მიღებული რამდენიმე რეზოლუციის გადახედვისა და გაუქმების მიზნით ნაბიჯები გადაიდგმევა.

წყარო: https://is.gd/PonFtJ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება