დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი დამოკიდებულება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არის პრინციპულად მკაცრი – რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ ამ ცვლილებებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და განმარტება გააკეთა. „უარყოფითი გავლენის მქონე პროდუქტის დაშვება და გავრცელება უნდა განვსაზღვროთ იმით, მცირე ჯგუფი მოიხმარს თუ დიდი? ვფიქრობ, თითოეული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის დასაცავი“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მისი პოზიცია პრინციპულია. დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღება მიზნად ისახავდა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობას. „ჩვენი დამოკიდებულება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არის პრინციპულად მკაცრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ ამ ცვლილებებს და ეს ჩვენი დამოკიდებულება არის არგუმენტირებული. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტში მივიღეთ, ემსახურებოდა იმას, რომ თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის შეგვეწყო ხელი, მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში (რაც საკმაოდ მაღალია) შეგვემცირებინა და ასევე, დაგვეცვა პასიურ მწეველთა უფლებები, რომ მათ ეს ზიანი არ მიეღოთ. სიკეთეები, რომელმაც საკმაოდ პოზიტიური შედეგები მოიტანა დღევანდელ დღემდე, ვფიქრობ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ კი ნელ-ნელა ვამცირებთ ამ სიკეთეებს. არგუმენტები, რაც ჩამოთვლილია, პრაქტიკულად არც ერთი არაა მისაღები. ის, რომ ამ ნივთიერებების მომხმარებელი არის პატარა სეგმენტი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. უარყოფითი გავლენის მქონე პროდუქტის დაშვება და გავრცელება უნდა განვსაზღვროთ იმით, მცირე ჯგუფი მოიხმარს თუ დიდი? ვფიქრობ, თითოეული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის დასაცავი. ასევე არის მეორე არგუმენტი, რომ თითქოს ბიუჯეტის შენატანი ამით გაიზრდება. ვფიქრობ, რომ შესაძლოა მცირედით გაიზარდოს, მაგრამ პარალელურად მოიმატებს ჯანდაცვის დანახარჯები იმიტომ, რომ ჯანმრთელობის ზიანი საკმაოდ დიდია და ქვეყანაში, საბედნიეროდ, ჯანმრთელობაზე დანახარჯების უდიდეს ნაწილს სახელმწიფო იღებს თავის თავზე. ასე რომ, ვფიქრობ ეს [ცვლილებები] არასწორია, ამიტომ ჩემი პოზიცია დაფიქსირდება წითელ ღილაკზეც. ვთხოვდი სხვებსაც, რომ გაითვალისწინონ არა მხოლოდ „ხალხის ძალის“, არამედ პარლამენტში მყოფი ექიმი დეპუტატების და ასევე ჯანდაცვის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ამასთან დაკავშირებით. სამომავლო თხოვნაც მექნება, რომ ამ მიღწეულ სიკეთეებს ნელ – ნელა ნუ გამოვხშირავთ იმ საკანონმდებლო ჩანაწერებიდან, რასაც პოზიტიური შედეგი აშკარად მოაქვს იმიტომ, რომ დღეს ამ კუთხით ვითარება პოზიტიურად არის შეცვლილი,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც დასაღეჭი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის შეფუთვაზე, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს, გავრცელდება ზუსტად ის რეგულაციები, რაც დღეის მდგომარეობით მოქმედებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გასახურებელ თამბაქოზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება