fbpx

დიმიტრი ხუნდაძე ტელეკომპანიებს “პირველი” და “მთავარი” პასუხობს -“ასეთ უგუნურ კითხვებს ტაილანდელ დეპუტატებსაც ნუ დაუსვამთ, როდესაც საქართველოში ჩამოვლენ, სირცხვილია”

ტელეკომპანიების „პირველი“ და „მთავარი“ ეთერში გუშინ, 19 აპრილს გასულ სიუჟეტებს ქართველი პარლამენტარების ტაილანდში განხორციელებული ვიზიტის შესახებ, საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო შეთანხმებული შეტევა პარლამენტზე და არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების შეურაცხყოფა, არამედ იმ ქვეყნებისაც, სადაც ქართველი პარლამენტარები ვიზიტით იმყოფებოდნენ.

“გუშინ “ტვ პირველმა” და “მთავარმა არხმა”, როგორც ჩანს, შეთანხმებული შეტევა განახორციელეს პარლამენტზე და საგარეო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში გასეირნებად მონათლეს. არც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და დეპუტატების შეურაცხყოფას დასჯერდნენ და გაურკვეველი დაარქვეს ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და ეს ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მკაცრად უჭერენ მხარს. ასეთ კონტექსტში მოიხსენიეს ტაილანდის სამეფო, რომელთანაც საქართველოს ოცდაათწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და პირველი ვიზიტი სწორედ ამ მოწვევის პარლამენტმა, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში განახორციელა.
ვიზიტში მონაწილეობა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შევთავაზეთ, რომ თავად ენახათ, ეს ვიზიტი სამუშაო იყო თუ სასეირნო, მაგრამ მათ ამის სურვილი არ გამოთქვეს.
ჩვენი დელეგაციის საქართველოში დაბრუნებისთანავე, ვიზიტის თაობაზე ანგარიში წარვუდგინეთ პარლამენტსაც და სარეკომენდაციო წერილი გავუგზავნეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. სულ მოკლე ხანში, 2023 წლის 23 თებერვალს სამუშაო ვიზიტი ტაილანდის სამეფოში გააგრძელა ქართულმა მხარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ღვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, რასაც კონკრეტული მემორანდუმების გაფორმება მოჰყვა.
კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენ ტაილანდის სამეფოში გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები. პირველი შეხვედრა გაიმართა ტაილანდის სამეფოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ჩელემჩაი ბუპნიალეპუნთან, სადაც აღინიშნა, რომ საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში, რაც საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. შეხვედრა გაიმართა ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან, სადაც განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები. საუბარი შეეხო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს შესაძლო მონაწილეობას.
შეხვედრები შედგა ასევე ჯანდაცვის და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეებთან და მათ წევრებთან. ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარესთან განხილულ იქნა ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები, კულტურული, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. საუბარი შედგა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ რეგულარული ავიახაზების ხელშეწყობაზე, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის გაძლიერებაზე ორ ქვეყანას შორის.
მაღალი დონის შეხვედრებს ესწრებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ტაილანდის სამეფოში არჩილ ძულიაშვილი. შეხვედრის ბოლოს, გამოითქვა სურვილი ქალაქ მცხეთისა და ქალაქ აიუთიას დამეგობრების თაობაზე. ერთ-ერთ სიუჟეტში ეს საკითხიც საქილიკო თემად იქნა წარმოჩენილი და ცინიკურად იქნა დასმული კითხვა- “რა საერთო აქვს ამ ორ ქალაქს?” ამ შემთხვევაში გარდა ცინიზმისა, გამოჩნდა მათი უცოდინრობაც. ამ ორ ქალაქს აქვს ბევრი საერთო. ორივე მათგანი არის საკუთარი ქვეყნის უძველესი დედაქალაქი. ორივე არის იუნესკოს წევრი და ორივე მათგანში განთავსებულ ძეგლებს აქვს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რომელსაც იცავს იუნესკო. შესაბამისად ორივე ქალაქს აქვს როგორც ისტორიულ-კულტურული, ასევე ტურისტული მნიშვნელობა. სულ რამდენიმე თვეში, შეთანხმებისამებრ, საქართველოს ეწვევა ტაილანდის სამეფოს საქართველოსთან მეგობრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სადაც დამატებით შედგება კონკრეტული შეთანხმებები. რჩევა მექნება ტელევიზიებთან, მათაც ნუ დაუსვამთ ასეთ უგუნურ კითხვებს, რომ სირცხვილი არც თქვენ ჭამოთ და არც საქართველო-ტაილანდის მეგობრობას მიაყენოთ ჩრდილი”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება