fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: როგორ შეიძლება – ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია და ა.შ. საზოგადოებამ სხვა ძალად აღიქვას, თუ არა – კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ – ესეც საარჩევნო სატყუარაა

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. ჩვენ კი არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოვითხოვთ არა მხოლოდ მათი, არამედ მათი დანაშაულების ხელშემწყობი ჯგუფების გასამართლებას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ტყუილებზე ისაუბრა.

„რადიკალური ოპოზიციის მორიგი ტყუილია ის, რომ ევროკავშირში შესვლა არ სურს „ქართულ ოცნებასო“. ეს ტყუილიც შედეგით შეგიძლიათ გაზომოთ. შედეგი არის ის, რომ ქვეყანას უკვე კანდიდატის სტატუსი აქვს. გახსოვთ, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლები უცხოელ პარტნიორებთან დადიოდნენ და სთხოვდნენ, რომ საქართველოს ეს სტატუსი არ მიეღო.

საუკუნის აფიორა იყო, როდესაც ამერიკული კანონი რუსულად მონათლეს, რომელსაც დღეს ევროკავშირი აინიცირებს. თან, იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ, დაუკვეთეს და უბრძანეს, რომ ეს ოთხგვერდიანი კანონპროექტი არ წაეკითხათ და ისე გაეპროტესტებინათ.

მათი ტყუილების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მთავარი ტყუილია ის, რომ მათი შემადგენლობა თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს. არადა, როგორ შეიძლება – ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია და ა.შ. საზოგადოებამ სხვა ძალად აღიქვას. ესეც საარჩევნო სატყუარაა. ისინი იმ ამომრჩევლების 20%-ზე, რომელიც გაურკვეველია და არავის ეკუთვნის, სანადიროდ ამ ადამიანებს უშვებენ ისე, თითქოს ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ არიან.

არჩევნები დასრულდება სიმართლის გამარჯვებით, მშვიდობის მოყვარული ხელისუფლების გამარჯვებით და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. ჩვენ კი არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოვითხოვთ არა მხოლოდ მათი, არამედ მათი დანაშაულების ხელშემწყობი ჯგუფების გასამართლებას. მანამდე კი, საზოგადოებასთან ერთად, ტყუილის ქარიშხალს უნდა გავუძლოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება