fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ამერიკული არ არის, ვთავაზობ, აშშ-ში მოქმედი კანონი ერთი ერთში გადმოვთარგმნოთ და განვიხილოთ – მაშინაც თუ იტყვიან, რომ ჩვენი კანონპროექტი რუსულია, გამოდის, რომ თვითონ აშშ ხელმძღვანელობს რუსული ვარიანტით

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებული კანონპროექტის თემაზე სპეკულაციები უადგილოა. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც ამერიკულ საკანონმდებლო პრაქტიკას ეფუძნება, არცერთი ორგანიზაციის საქმიანობას არ ზღუდავს. დიმიტრი ხუნდაძე ხაზს უსვამს, რომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აშშ-ში ჯერ კიდევ 1938 წლიდან მოქმედი კანონი გაცილებით მკაცრია, ვიდრე „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი.

„ამერიკული კანონი ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზეც, ხოლო ჩვენი კანონპროექტი – არასამეწარმეო საქმიანობის ფიზიკურ პირებზე. რაც შეეხება თანხას, ამერიკულ ვარიანტში სააგენტო პირის/კომპანიის გავლენის აგენტად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა უცხოური დაფინანსება მხოლოდ ერთი პროცენტია. ჩვენს ვარიანტში ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნიდან 20%-ზე მეტი დაფინანსება.

მაგალითად, თუ არ დარეგისტრირდა ამერიკაში [ასეთი მონაცემების მქონე პირი ან კომპანია შესაბამის რეესტრში], სასჯელად ჯარიმა ან ხუთწლიანი პატიმრობაა, მაშინ როდესაც ქართულ ვარიანტში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთის ფორმით უბრალოდ არ არსებობს, მსგავს ჩანაწერს დოკუმენტში ვერ იპოვით. ასე რომ, აქ უფრო მსუბუქი ფორმა აქვს ამ კანონს.

მაგალითად, ამერიკაში სუბიექტმა ნებისმიერი გარიგება უნდა დაადეკლარიროს, ჩვენთან უბრალოდ უნდა წარმოადგინოს, თუ საიდან იღებს ამ დაფინანსებას. ამერიკაში ასეთი მძიმე რეგულაციით რომ არ იყოს წარმოდგენილი ეს კანონი (რომელსაც ჩვენ მსუბუქი ვარიანტით ვიღებთ), მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მილიონ და მეტ დოლარიან გარიგებას ამერიკულ იურიდიულ კომპანიასთან საერთოდ ვერავინ გაიგებდა.

აქვე, მინდა, იმ ოპონენტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კანონპროექტი ამერიკული არ არის, შევთავაზო; მოდით, სუფთა ამერიკული ვარიანტი, რომელიც უფრო მკაცრია, ერთი ერთში გადმოვთარგმნოთ და განვიხილოთ. მაშინაც თუ იტყვიან, რომ ჩვენი კანონპროექტი რუსული ვარიანტია, გამოდის, რომ თვითონ ამერიკას ჰქონია რუსული ვარიანტი. არადა, ამერიკამ ეს დოკუმენტი უფრო ადრე მიიღო. ასე რომ, ეს სპეკულაციის საგანია. ასეთი შეფასებები ჰგავს იმ უარგუმენტო რეზოლუციას, რომელიც გუშინ ვიხილეთ და რომელსაც არავითარი სამართლებრივი ან მორალურ-ზნეობრივი საფუძველი არ აქვს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება