fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: კუბილიუსისნაირი ევროპელების ჭკუაზე რომ ქართველ ერს ევლო, დღეს ისევ ნაცმოძრაობის მონობის ქვეშ იქნებოდა და ცეცხლის ალში გახვეული, მხოლოდ შეშფოთებულ განცხადებებს მოისმენდა მათგან

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გატარების მოთხოვნას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც ის წერს, ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა სურს საქართველოს გასაძლიერებლად და არა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაკარგავად.

„ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განცხადება გააკეთა, რომ „გატარდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“ როგორც ჩანს, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა კარგად ვერ გაიგო ჩვენი და ქართველი ხალხის გზავნილი ევროპაში: ევროკავშირის წევრობა გვსურს საქართველოს გასაძლიერებლად და არა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაკარგავად.

კუბილიუსისნაირი ევროპელების ჭკუაზე რომ ქართველ ერს ევლო, დღეს ისევ ნაცმოძრაობის მონობის ქვეშ იქნებოდა და ცეცხლის ალში გახვეული, მხოლოდ შეშფოთებულ განცხადებებს მოისმენდა მათგან. საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობამ ქვეყანა ნგრევის ნაცვლად, აქტიური განვითარების გზაზე გაიყვანა და მხოლოდ „შემსრულებლის” ვალდებულება რეალური სუვერენიტეტით ჩაანაცვლა. დღეს მსოფლიო რუკაზე საქართველო მხოლოდ ქართველების შესამჩნევი არ არის და მისი პრინციპულობა ბევრისთვის ანგარიშგასაწევი გახდა.

ქვეყანა, რომელიც სხვის მოსაწონად ცალ ფეხზე დგას, ის პირველ რიგში, საკუთარ ხალხს ვერ გამოადგება და სხვისთვისაც იოლად ხელწამოსაკრავი იქნება. საზოგადოება დაუფიქრებლად ნაბიჯებს აღარ დგამს და გარე დაკვეთებს უსიტყვოდ აღარ ასრულებს. ასე იქცევა ყველა ღირსეული ერი. ჩვენი სამშობლოს ღირსების აღდგენა კი 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და მას კუბილიუსისნაირები უკან ვეღარ წაიღებენ. ამას საზოგადოება დააზღვევს,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება