საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსოფლიო პროცესების განხილვის დროს, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს აშშ-ში მიმდინარე შიდა პროცესებიც, რადგან „დიფ სთეითს“ დიდი წარმომადგენლობა ჰყავს სენატსა და კონგრესში. „საქართველოს ხელისუფლებას თავად საზოგადოება იცავს და ერთობლივად შექმნილია ფარი – საქართველო დაცულია“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრინციპული პოზიციებისა და მოსახლეობის მხარდაჭერის დამსახურებით, საქართველოში ვერ განვითარდა რევოლუციური პროცესები, ქვეყანა არ ჩაერთო ომში და „დიფ სთეითმა“ ვერ შექმნა თავისი წარმატებული წარმომადგენლობა. „გასათვალისწინებელია ამერიკის შიდა პროცესებიც – სენატში და კონგრესშიც „დიფ სთეითს“ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა აქვს და ყველაფერი ღიად და მკვახედ, რა თქმა უნდა, არ ითქმება, სწორედ ამიტომ არსებობს დიპლომატია. სადაც შეიძლება რომ საკითხს გვერდი დიპლომატიურად აუარო, ასეც უნდა მოიქცე. სწორედ ეს იყო დღეს, უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჩართვა და მისი მხრიდან, უნგრეთის ლიდერის პოზიტიური როლის აღიარება. უნგრეთის პრემიერმა ჩვენი პრემიერის მიმართ საკმაოდ დადებით კონტექსტში ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ის [ირაკლი კობახიძე] არის საქართველოს გმირი და საქართველოში ყველას მოუგო არჩევნები. მან ასევე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ხელისუფლების და საზოგადოების არჩევანის პოზიტიური როლი გამოკვეთა. პრაქტიკულად, ულტრალიბერალურ ძალებთან ბრძოლას საქართველო, თავის მასშტაბში, სრულიად წარმატებულად ახერხებს. უნგრეთსაც უწევს ბრიუსელთან ღია დაპირისპირებაში შესვლა, ღირებულებით დაპირისპირებას ვგულისხმობ და უნგრეთსაც არაერთი ზეწოლა განუცდია. „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფები ბრიუსელშიც საკმაოდ არის წარმოდგენილი. ისინი [„დიფ სთეითი] ცდილობენ, რომ საქართველოშიც დააფუძნონ მათი წარმატებული წარმომადგენლობები, მაგრამ არ გამოსდით და სწორედ ამაში გამოიხატება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას მყარად. საქართველოს ხელისუფლებას თავად საზოგადოება იცავს და ერთობლივად შექმნილია ფარი – საქართველო დაცულია და შესაბამისად, იმ რევოლუციური პროცესების განვითარება არ მოხდა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ომში ჩართვა. საქართველო არ დაადგა უკრაინის გზას. ვხედავთ, რომ უკრაინაში პროცესები ძალიან მძიმედ განვითარდა – ბევრი გარდაცვლილია, დანგრეულია პრაქტიკულად მთელი ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დიდ ძალას ხმარობს იმისათვის, რომ უკრაინის ომი შეჩერდეს, წინააღმდეგობა იქაც არის და ჯერ ომს დასასრული მაინც არ უჩანს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე