fbpx

დიდ ჯიხაიშში, ,,ნიკოობა-2022″ სახალხო დღესასწაული გაიმართა

დიდ ჯიხაიშში, ,,ნიკოობა-2022″ აღნიშნეს.

კაცი-მოაზროვნე, ევროპული ცოდნით, შეიარაღებული პრაქტიკული ადამიანი, მუდმივ სწავლასა და საკუთარი სამშობლოს ბედით დაფიქრებული საზოგადო მოღვაწის-ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და საქმიანობის გულშემატკივრები დღეს მისავე სახლ-მუზეუმში შეიკრიბნენ.

გასული საუკუნის 70-იან წლებში სოფლის თავკაცებისა და მუზეუმის ხელმძღვანელთა ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა ნიკოობის დღესასწაულს. მას შემდეგ, ყოველწლიურად სხვადასხვა მასშტაბით იმართება იგი.

დღეს დიდ ჯიხაიშში ნიკოლაძეებისადმი სიყვარული და დიდი ინტერესი ფოთელმა, ქუთაისელმა და სამტრედიელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა.

სტუმრებს კონფერენციის ფორმატში საშუალება მიეცათ მოესმინათ ნიკო ნიკოლაძის ნაშრომებზე დაყრდნობით დაწერილი მოხსენებები. გაიმართა ფილმის ჩვენება, სადაც გამოყენებული იყო ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტო და ვიდეომასალა. პარალელურად გაიმართა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სასკოლო ტურნირი ჭადრაკში, რომლის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

,,ნიკოობა 2022″ დასაწყისიდანვე შეუერთდა მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

,,ცნობილი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი ფასდაუდებელია ქართული საზოგადოებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი აზროვნებით გაუსწრო დროს და მის შესახებ მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ. ულმობელი საქმის კაცის სახელით იყო ცნობილი ნიკო ნიკოლაძე და სწორედ ასეთი მამულიშვილები სჭირდება დღეს ჩვენს საქართველოს,” აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ნიკოობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა დოღი. გამარჯვებულები მერიის მიერ, ფულადი ჯილდოთი და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

დღევანდელი ღონისძიებების ფინალური ნაწილი კვარტეტ ,,რანინას” კონცერტს დაეთმო, რომელიც ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში შედგა.
აქვე მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ სპეციალური სიგელებით დააჯილდოეს ის პედაგოგები, რომლებსაც საგანმანათლებლო სფეროში განსაკუთრებული დამსახურება აქვთ.

ღონისძიებების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ პედაგოგების ღვაწლს გაუსვა ხაზი და ისინი საზოგადოების წინაშე წარადგინა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება