fbpx

დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი

არეულობის თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ევროკავშირისკენ მიმავალი გზა აუცილებლად გადის ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს ოპოზიციის თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პოზიტიურ როლს, აუცილებლად გადის თუნდაც იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ჩვენთვის უპირატესია და რომლის შესრულების გზებიც უკვე დავსახეთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად გადის მშვიდობიან პოლიტიკურ გარემოზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა არეულობის თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, ამის თაობაზე თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც ისაუბრეს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა და გარკვეულწილად იხელმძღვანელეს იმ გარემოებებით, რომელიც უკრაინასა და მოლდოვაში არის, ვგულისხმობ საომარ სიტუაციას თუ ომის საშიშროებას, ამ კუთხით გულდასაწყვეტი იყო გადაწყვეტილება, რომ 6 თვით გადავადებულიყო კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა იმედი გვაქვს, როგორც აქამდე, ჩვენი ძალისხმევა ასოცირებულ წევრობასთან, ვიზალიბერალიზაციასთან თუ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა, ამ შემთხვევაშიც ის ზომები, რომელიც დავსახეთ და რომელშიც იმედი გვაქვს, ოპოზიცია აუცილებლად შემოგვიერთდება, ყოველ შემთხვევაში, მათი ყველაზე კონსტრუქციული ნაწილი მაინც, ნამდვილად წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა წილოსანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა.

„ფაქტია, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება