fbpx

დედაქალაქის მერია გარე ვაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს

დედაქალაქის მერია გარე ვაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარე
მოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ
განაცხადა და გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე
ისაუბრა.
მისი თქმით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში,
კანონის შესაბამისად განაგრძობენ.
„ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების
მიმდებარე ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით
დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა
ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან
დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები
გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის
მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ
მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეებს რკინიგზის სადგურის მიმდებარე
ტერიტორიაზეც მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ ათი დღის
ვადაში, ბაზრობების შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. გარკვეული ნაწილი ამას
დათანახმდა, თუმცა, იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც საქმიანობას ბაზრობის გარე
ტერიტორიაზე განაგრძობდა. კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ვინც იქ
დგას, დალხენილი არავინაა. ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს
ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით. მინდა, ბაზრობის
ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათ გარე
მოვაჭრეების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტენდენციას
განვაგრძობთ და მსგავსი სივრცეები კანონის შესაბამისად მოწესრიგდება“, –
განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აქვე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ
თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება