fbpx

დასავლეთის ანტიდასავლური, უსამართლო პოლიტიკა აღვივებს ყველაზე მეტად ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე თვლის, რომ საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თვითონ დასავლეთი ქმნის.

“ღირებულებები თუ ინტერესები?

თითქმის 30 წელია, რაც საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა.

ეს რეფორმირება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც გაიგივებული იყო აშშ-ს საელჩოსა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის, იმდროინდელი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან.

სწორედ მათი მეშვეობით დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს მოსამართლეების სწავლება-გადამზადება, რეორგანიზება თუ სხვა და სხვა სამუშაოები დაკავშირებული სასამართლოს რეფორმირებასთან.

სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პოსტზეც განაგრძო სასამართლო რეფორმა და წლების მანძილზე დიდი პიარ კამპანიები ჩაატარა იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოახერხა მე-20-21-ე საუკუნეების მიჯნაზე შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემის დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური და პატიოსანი მოსამართლეებით.

გავიდა დრო, 2003 წელს სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა სახელმწიფო გადატრიალებისა და შევარდნაძის მმართველობის დამხობის გზით, ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება.

ნაცვლად იმისა, რომ თავისივე გაპიარებული მოსამართლეებით ეამაყათ, თითქმის ყველა მათგანი აიძულეს გასულიყო პენსიაში ან სრულად დამორჩილებოდა ხელისუფლებას, კერძოდ კი ზურა ადეიშვილის ნება სურვილს.

ამავე პრინციპით მოიყვანეს და დანიშნეს ახალი მოსამართლეები. ესეც აშშ-ისა და სააკაშვილის სახელით განხორციელდა.

ხელისუფლებაში მოსულ სააკაშვილს აღარ აწყობდა თავისუფალი გადაწყვეტილების მიმღები ის მოსამართლეები, რომლებიც პირველი რეფორმის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალებამდე აგერ უკვე 5-7 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

ჩვენდა გასაკვირად, ასეთი მოსამართლეების სახლში გაშვებასა და მათ ადგილზე მორჩილი მოსამართლეების დანიშვნას, მხარი ამერიკელებმაც დაუჭირეს.

ამერიკელი გადასახადების გადამხთელთა ფულებით დატრეინინგებული, მათივე საამაყო მოსამართლეები სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით უმუშევრად დატოვა.

აქ პირველად გამოჩნდა, რომ აშშ-ს საელჩოს ინტერესი ჩვენს ქვეყანაში იყო არა ღირებულებების დაცვა, არამედ საკუთარი მორჩილი ხელისუფლების შენარჩუნება, რომელსაც მმართველობის წლებში ყველაფერს უპრავებდა (ჯიბის სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ელიტარულ კორუფციას, ქუჩებში ხალხის ჩახოცვას, ციხეებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას მედიის დარბევება-დამორჩილებას და ა.შ).

სიტყვები „სამართლიანოა“ და „დემოკრატია“ , საზოგადოებაში მხოლოდ ირონიულ სიმწრის ღიმილს იწვევდა.

ამ პოზიციას საზოგადოებასთან ერთად, დღევანდელი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა (ნაციონალების გარდა) იზიარებდა.

მიუხედავად გამოკვეთილად ანტიდემოკრატიული რეჟიმისა, სააკაშვილის მართველობას, ამერიკის პრეზიდენტიც კი “დემოკრატიის შუქურად” აფასებდა, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილებასა და ანტიამერიკულ განწყობებს აღვივებდა.

ქართველი ხალხის მიერ სააკაშვილის დიქტატორული უღლის გადაგდების შემდეგ, მოსამართლეებს მიეცათ თავისუფლება, რომ გადაწყვეტილებები მიეღოთ კანონისა და საკუთარი რწმენის შესაბამისად.

იმატა გამამართლებელმა განაჩენებმა, საპროცესო შეთანხმებებით და ხალხის გაკულაკებით აღარ ხდებოდა ბიუჯეტისა თუ ჩინოვნიკების ჯიბეების შევსება.

რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, იდიალურ სასამართლოს, მაგრამ პროგრესი გახდა თვალში საცემი.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში, ისეთი ჩანაწერები, როგორიც სანდრო გირგვლიანისა თუ სულხან მოლაშვილის საქმეებში იყო, სააკაშვილი რეჟიმის მერე აღარ ყოფილა.

სააკაშვილის ჯიბის სასამართლოსთან შედარებით, მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა.

ამაზე მეტყველებს ციფრებიც, ექსპერტთა შეფასებებიც და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მიმართვიანობა თითქმის 10-ჯერ შემცირდა, გამამართლებელი განაჩენებისა და ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების რაოდენობა დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა, სასამართლო პროცესები გაიხსნა ჟურნალისტებისთვის და ა. შ.

ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ გამოვდგებით დღევანდელი მოსამართლეების ადვოკატებად თუნდაც იმიტომ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის დროს მუშაობდა და არა ვართ დარწმუნებული, ხელისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში, მათ აღმოაჩნდებათ იმუნიტეტი მოთხოვნის მიმართ, მაგრამ თუნდაც ზემოხსენებული სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან სისტემატური მოთხოვნებისგან (როგორც ეს იყო სააკაშვილის მმართველობის დროს) ისინი თავისუფლები არიან.

ასეთ სიტუაციაში აშშ-ს ელჩი თავგამოდებით იმეორებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნარატივს რიგ შემთხვევებში ახდენს იმის გაზიარებას, თითქოს დღევანდელი სასამართლო არა სამართალს, არამედ ხელისუფლებას ემსახურება.

კიდევ ვიმეორებთ: ჩვენ თავს ვერ დავდებთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეუძლებელია ამა თუ იმ მოსამართლემ შეასრულოს ხელისუფლების მოთხოვნა, მაგრამ თუ ამას სისტემატურად აქვს ადგილი, მაშინ როგორღა ხდება იმ მრავალრიცხოვან საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება, სადაც კერძო პირი ან კომპანია ადმინისტრაციულ დავებს უგებს სახელმწიფო სტრუქტურებს?

აღარაფერს ვამბობთ სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებზე, სადაც პიროვნება უგებს პროკურატურას.

შეუძლებელია ამას ვერ ხედავდეს აშს-ს ელჩი, მაგრამ როგორც ჩანს, ვინაიდან მან ვერ მიაღწია საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული ხელისუფლებისაგან სიტყვაშეუბრუნებელ მორჩილებას, ისევ ყველაფერზე თავის დამქნევი, ანტიდემოკრატიული, მაგრამ ყველაფერზე წამსვლელი სააკაშვილის ხელისუფლება ურჩევნია და ამიტომ თითქმის ყველა საქმეში ოპოზიციის მხარდამჭერ ქმედებებს მიმართავს, რაც მოსამართლეებთან და სასამართლოსთან მის დამოკიდებულებაშიც გამოიხატა.

თვითონ ის ფაქტი, რომ დღევანდელ ტრენდად იქცა 308 ევროდეპუტატის სულისკვეთების მხარდაჭერა საქართველოში ანტიდემოკრატიულ თუ ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით, რასაც არც ევროკავშირის და არც აშშ-ის ელჩები არ გამიჯვნიან, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს ჩვენს ქვეყანაში არა ღირებულებები, დემოკრატია და თავისუფლება აინტერესებს, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და როცა დაჭირდება, მშვენივრად ითანამშრომლებს და იმეგობრებს აზერბაიჯანთან, თურქეთთან, არაბულ თუ აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან და თვალს დახუჭავს მათი რეჟიმების არადემოკრატიულობაზე, ხოლო მათთან შედარებით ასჯერ დემოკრატიულ საქართველოს არადემოკრატიულს და ოლიგარქიულს დაარქმევს.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ, რომ სწორედ დღევანდელი დასავლეთის ანტიდასავლური, უსამართლო პოლიტიკა აღვივებს ყველაზე მეტად ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში”.-წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება