fbpx

დავით ქართველიშვილი: ჩვენ ვხედავთ, რა გაშმაგებული ბრძოლა გამოგვიცხადა მსოფლიომ, აღურიცხავი „ფინანსური ნარჩენების” არა აკრძალვის, არამედ ცივილიზებული დეკლარირების და რეესტრირების წინააღმდეგ. პოლიგონი ვართ, თუ სახელმწიფო – ამას წელსვე მთელი მსოფლიო დაინახავს!

„ათობით წელია, საქართველო გადაქცეულია შავი ფულის გათეთრების პოლიგონად – ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან. დღემდე ამ პოლიგონით ნებივრობენ და სარგებლობენ როგორც შავი ფულის უშუალო მომხმარებლები, ასევე ე.წ. „ატკატების” სახით – მათი მკვებავი დონორები,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ვრცელ პოსტში ის აღნიშნავს, რომ საქართველო „შავი ფულის გათეთრების პოლიგონად” იქცა და ამ მხრივ ვითარებას მსოფლიოში ცნობილ ნარჩენების გადამამუშავებელ პოლიგონებს ადარებს. ქართველიშვილი წერს, რომ წლების განმავლობაში ელექტრონული ნარჩენებით დანაგვიანებული პოლიგონებზე შექმნილი ტოქსიკური კატასტროფის გამო, მათი ფუნქციონირება აიკრძალა.

ასევე ტოქსიკურად მიიჩნევს ის საქართველოში აღურიცხავი „ფინანსური ნარჩენების” გადამუშავების მცდელობას და დარწმუნებულია, რომ მთელი მსოფლიო მალე დაინახავს, თუ როგორ გაუმკლავდება სახელმწიფო ქვეყანაში „შავი ფულის გათეთრებას“.

„თუ გსმენიათ ისეთ გეოგრაფიულ ლოკაციებზე, როგორიც არის აფრიკაში – ოლუსოსანი (ნიგერია) და აგბოგბლოში (განა), ხოლო ჩინეთში – გუანდუნი? ეს არის მსოფლიოში სამი ყველაზე დიდი პოლიგონი, სადაც „ცივილიზებული ევროპა” წლობით ახდენდა ნარჩენების, მათ შორის ეკოლოგიისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ფლორასა და ფაუნასთვის საშიში ნარჩენების იმპორტირებას. ეკოლოგიურმა და ჰუმანიტარულმა კატასტროფამ იმდენად საშიში მასშტაბი მიიღო, რომ 2021 წლის იანვარში ევროკავშირი იძულებული იქნა მიეღო კანონი, რომელიც უზღუდავს EU წევრ ქვეყნებს პლასტიკური და ელექტრონული ნარჩენების იმ ქვეყნებში „იმპორტირებას”, რომლებიც არ შედიან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში” (ეთრო).

მანამდე კი, 30 წლის განმავლობაში ბელგიიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, ჯანმრთელობისთვის საშიში პლასტიკური და ელექტრონული ნარჩენები უმოწყალოდ იზიდებოდა ოლუსოსანის (ნიგერია) პოლიგონზე, ხოლო აგბოგბლოშის (განა) პოლიგონს აფრიკაში დიდი ხანია შეარქვეს „სოდომი და გომორა”, სადაც გაეროს მონაცემებით წელიწადში ხვდებოდა 50 მილიონი ტონა ელექტრონული ნარჩენები.

2018 წლამდე ჩინეთის პროვინცია გუანდუნი მსოფლიო ლიდერს წარმოადგენდა, როგორც „ტექნიკის სასაფლაო”, სადაც ტოქსიკური ნარჩენები წამლავდნენ ჰაერს, ნიადაგს, წყალს, სპობდნენ ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დღეს საკანონმდებლო დონეზე მაინც, ეს პროცესი შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს შეჩერებული.

ათობით წელია, საქართველო გადაქცეულია შავი ფულის გათეთრების პოლიგონად – ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან. დღემდე ამ პოლიგონით ნებივრობენ და სარგებლობენ როგორც შავი ფულის უშუალო მომხმარებლები, ასევე ე.წ. „ატკატების” სახით – მათი მკვებავი დონორები.

სადაც აფრიკამ და აღმოსავლეთმა ომი გამოუცხადა თავისი ტერიტორიების ნარჩენების პოლიგონებად გადაქცევას, ჩვენ ვხედავთ რა გაშმაგებული ბრძოლა გამოგვიცხადა მსოფლიომ, აღურიცხავი „ფინანსური ნარჩენების” არა აკრძალვის, არამედ ცივილიზებული დეკლარირების და რეესტრირების წინააღმდეგ. პოლიგონი ვართ თუ სახელმწიფო – ამას წელსვე მთელი მსოფლიო დაინახავს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება