fbpx

დავით ქართველიშვილი: ყველაზე გლობალური სიცრუე, რომელიც ამ საუკუნეში უშუალოდ საქართველოს შეეხო 2008 წელს, ხოლო უკრაინაში ამჟამად ვითარდება NATO-სთან არის დაკავშირებული

საქართველოსა და უკრაინის უახლოეს ისტორიაში გადის უკვე 15 წელიწადზე მეტი და ვერცერთი დასავლელი ლიდერი ვერ ბედავს ელემენტარული სიმართლის თქმას: რუსეთისა და პუტინის წინაშე გადაულახავმა შიშმა 2008 წელს განაპირობა ჩვენი ორი ქვეყნის წინაშე ყველაზე მზაკვრული ჩანაფიქრის ხორცშესხმა − საქართველო და უკრაინა გადაეყვანათ რუსეთთან ბრძოლის პოლიგონის რანგში,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ვრცელ პოსტში, ასახულია მისი მოსაზრება ნატოს პოლიტიკასთან დაკავშირებით და სწორედ ეს პოლიტიკაა შედარებული „ლუციფერის“ გზასთან, ვინაიდან ის ეფუძნება სიცრუის ტირაჟირებასა და სიმართლის განზრახ დამახინჯებას.

„თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, როგორც საკუთარი სახელმწიფოებისა და მოსახლეობის, ასევე თავისი პოტენციური მოკავშირეების მოქცევა სიცრუის ტირაჟირებასა და სიმართლის განზრახ დამახინჯების ტყვეობაში. ეს არის „ლუციფერის“ გზა, რომელმაც შეიძლება ტაქტიკური მნიშვნელობის „წარმატება“ მოგიტანოს, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით განწირულია გარდაუვალი მარცხისთვის.

ვინც ამ ბიბლიურ „ანბანურ“ ჭეშმარიტებას ფლობს, გაფრთხილებულიც არის და გამარჯვებისკენაც აქვს გადადგმული ნაბიჯი. ყველაზე გლობალური სიცრუე, რომელიც ამ საუკუნეში უშუალოდ საქართველოს შეეხო 2008 წელს, ხოლო უკრაინაში ამჟამად ჩვენ თვალწინ ვითარდება და NATO-სთან არის დაკავშირებული. ბულგარეთი (2004), რუმინეთი (2004), ლატვია (2004), ლიეტუვა (2004) და ესტონეთი (2004) − ეს ის „პაკეტია“, რომლის მიმართ არანაირი „დათქმები“, „რეკომენდაციები“ თუ ჩვენთვის მოგონილი ათასნაირი სისულელე არ იყო გამოყენებული.

ამ ქვეყნების ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის რიგებში მყისიერი მიღება იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება სერიიდან: „და ნუთუ ასე შეიძლებოდა?“ − წარმოიდგინეთ და, კი! აღსანიშნავია, რომ იმავე დამატებითი შეკითხვების გარეშე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო ასევე ერთიან სიად იმავე პერიოდში გახდა ევროკავშირის წევრი.

აქედან NATO-ში ყოველგვარი დამატებითი შეკითხვების გარეშე მიღებული ლიეტუვა იმ მომენტისთვის მსოფლიოში პირველ ადგილს ფლობდა ერთ სულ მოსახლეზე სუიციდის კოეფიციენტის მიხედვით. ხოლო ევროკავშირის „წარმატებული“ ქვეყანა ლიეტუვა, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების შემდეგ დატოვა მილიონზე მეტმა „ბედნიერმა“ მოსახლეობამ. მაგრამ საქართველოსთვის და უკრაინისთვის ყველაზე დიდი ცინიზმი, 2008 წლის NATO-ს ავადხსენებული ბუქარესტის სამიტის შემდეგ, იყო 2009 წელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ალბანეთის მიღება, რაც ასევე წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს სახელმწიფო, არც მაშინ და არც დღეს, იმ მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, რომლებსაც ყოველწლიურად დაუღალავად უყენებენ იმავე საქართველოს.

ცინიზმია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდგომ, სულ რამდენიმე თვეში, იმ ალბანეთის გაწევრიანება NATO-ში, რომელსაც ალიანსში შესვლამდე მეტსახელად „ბალკანეთის ჩრდილოეთ კორეა“ ერქვა, ხოლო გაწევრიანების შემდეგ − „ბალკანეთის კოლუმბია“ უწოდეს. საქართველოსა და უკრაინის წინაშე ცინიზმია, 2008 საბედისწერო წელიწადის შემდგომ საკუთარ რიგებში ისეთი ქვეყნის გაერთიანება, რომელიც დღესაც არის გადაქცეული მარიხუანას, კოკაინისა და ჰეროინის უმსხვილეს ევროპულ „საწყობად“ და გასაღების პუნქტად. ქვეყანა, რომელიც ლიდერობს უკვე განთქმული „ქოლცენტრების“ რაოდენობით, რომლებიც კეზერაშვილის მეთაურობით დღემდე ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს. სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე (და ამის არაერთი დამადასტურებელი ვიდეორგოლი არსებობს) მიმდინარეობდა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებით ვაჭრობის კრიმინალური გარიგებები. არის ასეთი ანდაზა: „თუ შეუძლებელია რაიმე მავნე პროცესების შეჩერება − მათ სათავეში უნდა მოექცე“.

ღმერთმა მაპატიოს ასეთი „მკრეხელობა“, მაგრამ თუ ამ ჩამოთვლილი პროცესების სახელმძღვანელო ფუნქციას NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენდა, ეს უკვე ცინიზმის პიკსაც კი აღემატება. თუნდაც იმ ცინიზმის, 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე, უკრაინას NATO-ში გასაწევრიანებლად ამ ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, ყველაზე „გამარტივებული“ ფორმულა რომ შესთავაზეს: ამარცხებთ ომში რუსეთს − და გზა ხსნილი გაქვთ.

საქართველოსა და უკრაინის უახლოეს ისტორიაში გადის უკვე 15 წელიწადზე მეტი და ვერცერთი დასავლელი ლიდერი ვერ ბედავს ელემენტარული სიმართლის თქმას: რუსეთისა და პუტინის წინაშე (რომლებსაც დღეს ასე წარმატებულად „ამარცხებენ“ და „ასუსტებენ“) გადაულახავმა შიშმა 2008 წელს განაპირობა ჩვენი ორი ქვეყნის წინაშე ყველაზე მზაკვრული ჩანაფიქრის ხორცშესხმა − საქართველო და უკრაინა გადაეყვანათ რუსეთთან ბრძოლის პოლიგონის რანგში, თავისი მიზნების მისაღწევად თუნდაც ამ ქვეყნების სახელმწიფოებრიობის თუ მოსახლეობის ზვარაკად შეწირვის ხარჯზე. ყველაზე გულწრფელად ამ თემაზე დავოსის წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ისაუბრა, რომელმაც მიმართა ამერიკულ საზოგადოებას: „ნუ შეშინდებით უკრაინისთვის ფინანსების გამოყოფის გამო. ამ თანხების უდიდესი ნაწილი ისევ თქვენთან დარჩება და თქვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მოხმარდება ჩვენთვის განკუთვნილი შეკვეთების შესასრულებლად. მთავარი ისაა, რომ რუსეთთან ბრძოლას ამერიკელი ჯარისკაცი არ ეწირება. ამისთვის ჩვენ ვართ − უკრაინელები. მთავარია იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა დროულად მოგვაწოდოთ“.

ამ დაუფარავ ცინიზმში ნათქვამი იყო ჩვენიც, 2008 წლის ქართველების სათქმელი და ასევე ისიც, თუ რატომ არ დავუშვით ჩვენ ამ სცენარის გამეორება ამ უკანასკნელ ორ წელიწადში. უკრაინაში მიმდინარე ომმა უკვე საბოლოოდ გააფორმა თავისი მრავალვექტორული ხასიათი. მასში მონაწილეობს საფრანგეთი (თავისი სპეციალური ოპერაციების ძალების სახით), დიდი ბრიტანეთი (უსაფრთხოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით), გერმანია (ფინანსები და მოძველებული „ლეოპარდები“), ბელგია (სუფთა სიმბოლურად, მაგრამ მაინც) − დღეს ისინი არიან ამერიკული გეგმის რეალიზაციის ეპიცენტრში, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ევროპული პასუხისმგებლობის ქვეშ გადატანის მიზნით.

ამერიკის პოზიცია და ევროპისადმი გზავნილი მაქსიმალურად გამჭვირვალეა: „რა ვქნა, ხომ ხედავთ, კონგრესი ბლოკავს ჩემს ინიციატივებს ახალ დაფინანსებაზე, ასე რომ მიდით, როგორმე თქვენი ძალებით დაეხმარეთ“. და როდესაც ევროკავშირიც „გლობალური ომის პარტიის“ ტყვეობაშია, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში უკვე აღარ ფრიალებს უკრაინული დროშები, მთელ რიგ სახელმწიფოებში სწორედ ამ ომმა მისცა ბიძგი ულტრამემარჯვენეებს და ნაციონალისტებს ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ ამ ტყვეობიდან და მძევლობიდან გამოსასვლელად ევროკავშირს საკუთარი პოტენციალი ამ ეტაპზე აშკარად არ ჰყოფნის.

პერიოდულად კი ისმის ევროპული სივრციდან ცალკეული მცდელობა სამშვიდობო მოლაპარაკებების თემების „პედალირების“ მიზნით, მაგრამ ამერიკიდან მოდის ბრძანება: „კი ბატონო, ოღონდ − მოსკოვის გარეშე“, ხოლო კონტრშეკითხვა: „ეს რანაირად“ − უპასუხოდ რჩება. უფრო სწორად, პასუხი არის, ოღონდ შემდეგი: „ყველა მოლაპარაკება მოსკოვის მხოლოდ უპირობო დამარცხების შემდეგ“. დღესდღეობით უკრაინის გარშემო სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ომს უკანასკნელ უკრაინელამდე, რაც უნდა ცინიკურად ჟღერდეს ეს სამწუხარო მოცემულობა. ცინიკურად ჟღერს თვით ევროკავშირისთვისაც, ვინაიდან „გლობალური ომის პარტიის“ უკომპრომისო მიდგომა მხოლოდ ზრდის რუსეთისა და ევროპის პირდაპირი შეტაკების რისკს. ზრდის ამ რისკს ჯერ კიდევ ევროპულ მეხსიერებაში ცოცხალი ისტორიული მოგონებების ფონზე − ნაპოლეონსა და ჰიტლერზე. ეს მომავალი შესაძლო შეტაკება ყველასთვის ატარებს კოშმარულ და კატასტროფულ ხასიათს, განსაკუთრებით ევროპელებისთვის. თუმცა, არა იმდენად ამერიკელებისთვის თუ ტრანსკონტინენტური „გლობალური ომის პარტიისთვის“. ამ მოცემულობაში საქართველოსთვის ძირითადი ამოცანა არ შეცვლილა: ჩვენ მაინც უნდა ვესაუბროთ საკუთარ საზოგადოებას სიმართლის ენაზე, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა გარე და შიდა მილიტარისტული ზრახვების ფონზე და ბეწვის ხიდზე გავლით მივისწრაფოდეთ სტაბილურობისა და განვითარებისაკენ იმ მეგობრებისა და პარტნიორების გარემოცვაში, ვინც მზადაა ჩვენთან ღია და გამჭვირვალე წესებით თამაშისათვის,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება