დავით ქართველიშვილი – უკრაინის ომის „დრონოლოგია“

 

სააღდგომო პუბლიკაცია ერთდროულად მინდოდა სიკვდილისთვის და სიცოცხლისთვის მიმეძღვნა. განსაკუთრებით ვნების შვიდეულში − მთელი მსოფლიო რომ იმის მოლოდინში იყო: მოსპობს თუ არა დედამიწის ზურგიდან ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციას სახელმწიფო, რომლის შექმნიდან 250 წლისთავი უნდა „ვიზეიმოთ“ სულ რაღაც სამ თვეში. ამ მუქარაში დროებით უკრაინის „ხორცსაკეპი მანქანაც“ მიეცა მივიწყებას − მე კი ამ ომის ერთ-ერთ მთავარ და დაუნდობელ „გმირზე“ მინდა დავწერო.

უკრაინის ომმა ფაქტობრივად „რევოლუცია“ მოახდინა ჩვენს ძველებურ წარმოდგენებზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ − ფილმებიდან ნაცნობი ძვირად ღირებული სატანკო იერიშების და საავიაციო არმადების ადგილას, მთავარ „გმირად“ მოგვევლინა იაფი უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები), რომლებსაც მართავენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ კომპიუტერულ პროგრამებს წერდნენ, ელექტრონიკას აწყობდნენ და გაჯეტებზე თამაშობდნენ.

უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) უკვე აღარ არის უბრალოდ ტექნიკა − ეს არის ახალი სამხედრო მკვლელი სისტემა, სადაც გადამწყვეტია არა ჯავშნის მასა, არამედ ვიდეონაკადის სიმკვრივე, რეაგირების სიჩქარე და მოწინააღმდეგეზე უფრო სწრაფად − საჭირო ალგორითმების განახლების უნარი. ეს აღარ არის ევოლუცია − ეს არის გარდატეხა სამხედრო ხელოვნებაში: ომმა მძიმე ინდუსტრიის საამქროებიდან გადაინაცვლა მოქნილ, ნახევრად სამოქალაქო სამრეწველო ქსელებში.

ამით ძირითადი დარტყმა მიადგა თავად „ძვირადღირებული უპირატესობის“ ლოგიკას. მრავალმილიონიანი ღირებულების პლატფორმები აღარ არის გადარჩენის გარანტია, როდესაც მათი განადგურება შეუძლია ერთჯერად მოწყობილობას, რომლის ღირებულება სულ რაღაც ასობით დოლარია. თანამედროვე ბრძოლის ეკონომიკა თავდაყირა დადგა: ახლა იმარჯვებს ის, ვინც უფრო სწრაფად ითვისებს იაფ რესურსს, ადგილზე ასწორებს შექმნილ ხარვეზებს და რეალურ დროში სწავლობს.

ამ სისტემაში შეცდომის ფასი არის წამიერი დაგვიანება სიგნალის გამოცემაში ან მოძველებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში, ხოლო წარმატების ფასი − სერიულობა და უწყვეტი ნაკადი. ჩვენ თვალწინ იბადება ახალი ტიპის სამხედრო ძალა, რომელიც რუსეთში უკვე გაერთიანებულია ახალ საჯარისო სახეობაში. მისი მებრძოლები არიან ოპერატორები, ინჟინრები და მონაცემთა ანალიტიკოსები. მათი „სანგარი“ არის კავშირის არხი, მათი „იარაღი“ − პროგრამული უზრუნველყოფა და ანტენა.

აქ გაერთიანდა ფრონტი და ზურგიც: სახელოსნო, საწყობი, სერვერი და პოზიცია − ერთი დარტყმის მიყენების ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენენ. ეს უკვე აღარ არის კლასიკური არმია, არამედ ქსელი, სადაც კვანძები მუდმივად იცვლება, მაგრამ ფუნქცია უცვლელია − წინმსწრებად დანახული პოზიცია, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ზუსტი დარტყმა. აქედან მოდის ბრძოლის ველის ახალი დისციპლინა: დისპერსია, შენიღბვა, მოკლე მოქმედების ციკლები, უარი მასიურ კონცენტრაციებზე.

ყველაფერი, რაც შესამჩნევი და დაბალსიჩქარიანია − განწირულია. ყველაფერი, რაც შენიღბული და მოქნილია − გადარჩენის შანსს ინარჩუნებს. საბრძოლო დაპირისპირება გარდაიქმნება არა იმდენად შტაბების, არამედ წარმოებითი ეკოსისტემებისა და საინჟინრო სკოლების შეჯიბრებად − ვინც უფრო სწრაფად ადაპტირდება, ის უკარნახებს ტემპს. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საკუთრივ დრონი, როგორც ცალკე აღებული აპარატი, არ არის „გმირი“ − ის არის ომის მთავარი ლოგიკა.

ნამდვილი „გმირია“ − მისი წარმოების, პროგრამული უზრუნველყოფის, კავშირის და ოპერატორების ერთობლიობა, რომელსაც შეუძლია იაფი მოწყობილობების ნაკადი გადააქციოს უწყვეტ, ზუსტ და დაუნდობელ ძალადობად. ეს არის ახალი რეალობა: ომს სულ უფრო მეტად იგებენ არა მძიმე ტექნიკის კოლონები, არამედ გუნდები, რომლებიც უფრო სწრაფად წერენ, აწყობენ და განაახლებენ თანამედროვე იაფფასიან ტექნიკურ მოწყობილობებს. ამით მინდა სიკვდილის ახალ მანქანაზე საუბარი შევწყვიტო, და დამდგარი აღდგომის პირას − კაცობრიობას მშვიდობა და სიცოცხლე ვუსურვო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება