fbpx

დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს – ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება

„გუშინვე იყო ფარნავაზის, ვახტანგის, დავითის, თამარის, გიორგის საქართველოს მორიგი, ვიღაც 14 ამერიკელი კონგრესმენით, დაშინების კიდევ ერთი უსუსური მცდელობა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ქართველიშვილის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქომ “მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არმცოდნე საერთაშორისო და ადგილობრივ ჭინკებს ერთხელაც შეახსენა, თუ როგორ უძღვებოდა ხილულად ქართველთა ლაშქარს უხილავი წმინდა გიორგი.” მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რას იცავს და რისთვის იბრძვის.

„საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება, რაც მე ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორია მახსოვს, წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს, ვინაიდან ის რეალურად დაადგა ქვეყნის ფასეულობათა დაცვის გზას. ეს იყო საქართველოს უხუცესი “ინსტიტუტის,” ჩვენი დედა-ეკლესიის ამ ბრძოლაში ღიად შესვლის დეკლარირება. ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება. ეს იყო ამ ომში ზეციური ძალების მონაწილეობაზე ღია განაცხადი.

გუშინვე იყო ფარნავაზის, ვახტანგის, დავითის, თამარის, გიორგის საქართველოს მორიგი, ვიღაც 14 ამერიკელი კონგრესმენით, დაშინების კიდევ ერთი უსუსური მცდელობა. საქართველოს საპატრიარქომ, როგორც “იბერიაზე” მლოცველმა ცოცხალმა ორგანიზმმა ჩვენი ერისა და ბერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არმცოდნე საერთაშორისო და ადგილობრივ ჭინკებს ერთხელაც შეახსენა, როგორ უძღვებოდა ხილულად ქართველთა ლაშქარს უხილავი წმინდა გიორგი, რიცხობრივად გადამეტებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში.

დღეს, ჩვენს თვალწინ ხდება ზუსტად ის, რაზეც არაერთგზის დაგვიწერია თუ გვილაპარაკია – არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დგას ლუციფერის მხარეზე, თუ კი შენს გვერდითაა უფალი, ღვთისმშობელი და ჩვენი წმინდანების მრავალათასიანი არმია. მთავარია – ქვეყანას და მის ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდეს ამ ბრძოლაში შესვლის ჯანსაღი, ფასეულობითი, მართლმადიდებლური მოტივაცია: რას იცავს და რისთვის იბრძვის. სწორედ აქ შედგა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში აქამდე უპრეცედენტო სინერგია – “ჰორიზონტალსა” და “ვერტიკალს” შორის. და ამ ჯვარს – ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან.

საქართველოს დაცვის მისიაში, ჩვენი ისტორიის უკვე მერამდენე კრიზისულ მონაკვეთში, მსოფლიოში ამ ყველაზე ძლევამოსილი ძალების ჩართვის აუცილებლობა განაპირობა მსოფლიოს იმ სატანისტური ძალების გააქტიურებამ, რომლებისთვის უეჭველი პირობა: “იბერიაში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს” – გადაულახავ კოშმარად უკვე ამ ეტაპზე იქცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა უკვე დაწყებულია. მის წინაშე ერი და ბერი გაერთიანებულია და სრულ სულიერ მზადყოფნაშია. წინ კი – გარდაუვალი გამარჯვებაა.

დღეს კი – ლაზარეს შაბათია. ხვალ ბზობაა. ერთ კვირაში – ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. ფინალში კი – კაცობრიობის ყველაზე დიდი ნუგეში: მაცხოვრის აღდგომა. ზუსტად ეს ყველაფერი უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს 29 აპრილს. ამ დღეს – ჩვენი თაობების “დიდგორია” და უკან დასახევი გზები ისევე უნდა ჩავხერგოთ, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მრავალი საუკუნის წინ. მთავარია – უფალი ჩვენთან არს! არს და იყოს!” -წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება