პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვის ვადებზე, გადაწყვეტილების შესაძლო გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებსა და პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე წერს.
მისი განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილება კანონისა და მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიიღოს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა სამართლებრივ კონტროლსა და პოლიტიკურ ჩარევას შორის ზღვარი უნდა დაიცვან.
“დღეს იწყება პროცესი, რომლის დასრულების ზღვრული ვადაა – 2027 წლის 24 ივნისი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ყველაფერი ამ თარიღზე გაცილებით უფრო ადრე დასრულდება. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში პოლიტიკური კალენდრის მიხედვით არ ინიშნება – ზოგადი წესის თანახმად, საქმის არსებითი განხილვა რეგისტრაციიდან ცხრა თვეს არ უნდა აღემატებოდეს (თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება კიდევ ორი თვით გაგრძელდეს). ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის კანონმდებლობა ცალკე, მკაცრად განსაზღვრულ ვადას არ ადგენს. ასეთ მნიშვნელოვან საქმეში გადამწყვეტი კანონი და მტკიცებულებები უნდა იყოს და არა პოლიტიკური ბანაკების მოლოდინები.
თუ პარტიებს აკრძალავენ, დავა შეიძლება სტრასბურგში გაგრძელდეს, მაგრამ ეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას ავტომატურად არ გააუქმებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი ჩვეულებრივი წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება შეუძლებელია. აკრძალული პარტიების წარმომადგენლებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ და, სხვა საკითხებთან ერთად, „გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესაძლო დარღვევაზე იდავონ“. თუმცა საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანა მათთვის „ჯადოსნური ღილაკი“ არაა: ის თავისთავად არც აკრძალვის მოქმედებას აჩერებს და არც პარტიას პოლიტიკურ ცხოვრებაში ავტომატურად აბრუნებს. სტრასბურგის მიერ დარღვევის დადგენის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილების აღსრულება კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ნაბიჯებს მოითხოვს. დაცვის უფლება არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობას ეროვნული კანონმდებლობისგან იმუნიტეტი აქვს.
თუ სასამართლო ხელისუფლების სარჩელს არ დააკმაყოფილებს ან მას მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილებს, ხელისუფლებაც ვალდებული იქნება, გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. საპარლამენტო უმრავლესობას არა აქვს უფლება, მისთვის არასასურველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვეულებრივი კანონით ან პოლიტიკური განცხადებებით გააუქმოს. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, კონკრეტულად რომელი პარტიები მოხვდებიან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ხელახალი მიმართვა მხოლოდ დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი. აქ მარტივი პრინციპი მოქმედებს: სახელმწიფომ საკუთარი კონსტიტუცია უნდა დაიცვას იმის მიუხედავად, ვის აძლევს ხელს გადაწყვეტილება. დაუშვებელია, ოპონენტებს კანონის დაცვას სთხოვდე და ამავე დროს თავად კანონის მოთხოვნები სავალდებულოდ არ მიიჩნიო.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი კეთილი ინებონ და სამართლებრივ კონტროლსა და პოლიტიკურ ჩარევას შორის ზღვარი უნდა დაიცვან. ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს უფლება აქვთ, პროცესს თვალი ადევნონ და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენონ. მაგრამ ერთია კანონის დაცვის მოთხოვნა და მეორე – სასამართლოსთვის წინასწარ იმის კარნახი, თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება. განაჩენის გამოტანამდე გარე ზეწოლამ შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს ეჭვი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასახული პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ 20 ოქტომბერს პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამავე დროს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სწორედ ეს პრინციპები უნდა მოქმედებდეს პრაქტიკაში: ჯერ სასამართლომ კანონისა და მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასდეს იგი სამართლებრივი კრიტერიუმებით. არც უცხოელმა მაღალჩინოსნებმა და არც ქართველმა პოლიტიკოსებმა საკუთარი ინტერესები კანონზე მაღლა არ უნდა დააყენონ,”- წერს დავით ქართველიშვილი.