fbpx

დავით ქართველიშვილი: პატარა საქართველოზე არაერთმა იმპერიამ მოიტეხა „სიბრძნის კბილი“ და არაერთი გაქრა დედამიწის ზურგიდან – იგივე ბედი ელის ნებისმიერ ნეოიმპერიალისტულ, „დემოკრატიულ“ მანტიაში გახვეულ ავტორიტარულ კოლონიზატორს

სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული, მუქარანარევი განცხადებებით გველაპარაკებიან აშშ-ის ოფიციოზის წარმომადგენლები, თითქოს ჩვენ არა დასავლეთის, არამედ რუსეთის საკანონმდებლო გამოცდილება გავიზიარეთ – აქედან კარგად ჩანს, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაზე „რუსეთუმეობის“ სარჩულის მიკერების იდეის ავტორიც და გამავრცელებელიც, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე არ ზღუდავს უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს თავიანთ საქმიანობაში და კანონის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაა.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულმა მხოლოდ ერთმა კანონპროექტმა, რომელიც არანაირად არ ზღუდავს საქართველოში უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების არც საქმიანობას, არც ფინანსების ოდენობას, არამედ მხოლოდ მათი საქმიანობის გამჭირვალობასა და აღრიცხვას ეხება, „დემოკრატიულობას“ ამოფარებულ ავტორიტარულ ნეოიმპერიალისტურ წრეებში ნამდვილი პანიკა და ისტერიკა გამოიწვია. გაშიშვლდა ყველაფერი: მათი რეალური ზრახვები საქართველოსთან მიმართებით, მათი ორმაგი სტანდარტები, ფარისევლობა და კოლონიზატორული ამბიციები.

სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული, მუქარანარევი განცხადებებით გველაპარაკებიან აშშ-ის ოფიციოზის წარმომადგენლები, თითქოს ჩვენ არა ამერიკის, ავსტრალიის, ისრაელის და უნგრეთის, არამედ რუსეთის საკანონმდებლო გამოცდილება გავიზიარეთ. აქედან კარგად ჩანს, ვინ არის რეალურად საქართველოს ხელისუფლებაზე „რუსეთუმეობის“ სარჩულის მიკერების იდეის ავტორიცა და გამავრცელებელიც.

გაუკუღმართებული ლოგიკა დევს იმავე „ევროპის სახალხო პარტიის“ საკუთარ ინიციატივაში – მიბაძოს „ხალხის ძალას“ ანალოგიური კანონპროექტის დარეგისტრირების სახით, მაგრამ, ამავდროულად, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს იმავე კანონის მიღებისაგან. ჩვენმა პირველმა საკანონმდებლო პროექტმა უკვე მოახდინა აქამდე არნახული ლუსტრირება საქართველოსთან დაკავშირებით თანამედროვე დასავლური „ცივილიზაციის“ დამოკიდებულებასა და გეგმებში.

არც ერთი „გოლიათის“ შემოტევას არ უნდა შეუშინდეს პატარა „დავითი“, თუ კი მას ზურგს უმაგრებს უფალი, ხალხის ძალა, სიმართლე და სამართლიანობა. პატარა საქართველოზე არაერთმა იმპერიამ მოიტეხა „სიბრძნის კბილი“ და არაერთი გაქრა დედამიწის ზურგიდან. იგივე ბედი ელის ნებისმიერ ნეოიმპერიალისტურ, „დემოკრატიულ“ მანტიაში გახვეულ ავტორიტარულ კოლონიზატორს გინდ ჩვენს ჩრდილოეთით, გინდ – დასავლეთით, გინდ – სამხრეთით თუ აღმოსავლეთით.

ვინც საქართველოში მეგობარს, პარტნიორს, უძველეს ისტორიულ და ქრისტიანულ ცივილიზაციას ამოიკითხავს და მასთან თანაბარუფლებიან, პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ამჯობინებს, ყოველმხრივ მოგებული დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში – ჩვენი გზები გაიყრება ისევე, როგორც: არაბეთთან, მონღოლეთთან, ბიზანტიასთან, სპარსეთთან, ოსმალეთთან, მეფისა თუ ბოლშევიკურ რუსეთთან. ყველამ გაიხსენოს, სად არიან დღეს ეს „გოლიათები“ და შეიგნონ, სად არის დღემდე საქართველო. ასე რომ, სანერვიულო არაფერი გვაქვს“, – აცხადებს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება