fbpx

დავით ქართველიშვილი: თუ ვინმეს შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ “შეპყრობილთა ბანაკში” დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დამუნათების იდეა “სპონტანურად” წარმოიშვა – ცდებით

ვიქტორ ორბანმა ღიად დაუპირისპირა სოროსის “ლიბერალურ დემოკრატიას” – “ქრისტიანული დემოკრატია”, რომლის ძირითადი ფასეულობაა: შეგნებული არჩევანის თავისუფლება და არა ბრბოს ბრმა მორჩილება თავისი ბელადის მიმართ. აქედან გამომდინარე, თავად გამოიტანეთ დასკვნა – “ვინ” ან “რა” ებრძვის დღეს უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უნგრეთს და მათ ლიდერებს და ვინ გასცა ბრძანება “ФАС!” ხატია დეკანოიძეს- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“თუ ვინმეს შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ “შეპყრობილთა ბანაკში” დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დამუნათების იდეა “სპონტანურად” წარმოიშვა – ცდებით, მეგობრებო. თუ “ვინ” ან “რამ” დააგეშა დღეს ხატია დეკანოიძე, ვინ გასცა მას ბრძანება: “ФАС!” – ამას სტატუსის ბოლომდე წაკითხვამდეც მიხვდებით. ამ ისტორიას საფუძველი ორიოდე წლის წინ ჩაეყარა…

2020 წელს, ბრიუსელსა და ბუდაპეშტს (ასევე – ვარშავას) შორის ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა: ევრობიუროკრატების კრიტიკა შეეხო ჩვენთვის ძალზე ნაცნობ თემას – უნგრეთისა და პოლონეთის მიერ განხორციელებული ცვლილებები საკუთარ სასამართლო სისტემაში, ბრიუსელის მხრიდან მწვავე გაღიზიანების საბაბი გახდა. თუმცა, ეს მხოლოდ “აისბერგის მწვერვალი” იყო – ევროჩინოვნიკები აუჯანყდნენ ბუდაპეშტისა და ვარშავას დემარშს, “ზოგადევროპული ფუნდამენტური” ფასეულობების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ ქვეყნების კონსერვატიულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს.

და აი ამ პოლემიკის ეპიცენტრში, უხეშად და უცერემონიოდ შემოიჭრა ვიქტორ ორბანის თანამემამულე – ჯორჯ სოროსი, რომელიც თავად ორბანისთვის კარგად იყო ცნობილი ჯერ კიდევ 1989 წლიდან, როდესაც უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო “სოროსის ფონდის” სტიპენდია და მიეცა ოქსფორდის პემბრუკ-კოლეჯში ერთწლიანი სტაჟირების შესაძლებლობა. ორი წლის წინ – უნგრეთმა და პოლონეთმა ღია უარი განაცხადეს EU-ს პოლიტიკის მიმართ: მიგრაციულ საკითხებში, LGBTQ+ უფლებებებთან და ამ ქვეყნების საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელ და მიუღებელ სხვა თემებთან მიმართებაში.

ბრიუსელმა გადაწყვიტა ჩვეული მეთოდებით ემოქმედა და დაემუქრა ამ ქვეყნებს სადოტაციო ფინანსირების შეწყვეტით. “OK” – უპასუხეს მაშინ ვიქტორ ორბანმა და იაროსლავ კაჩინსკიმ – “No problem!” და ვეტო დაადეს 2021 წლის ევროკავშირის ბიუჯეტის მიღებას: არ გვაფინანსებთ (?) – მაშ ყველანი ერთად დავრჩეთ უფულოდ!

როდესაც ამ სიტუაციამ მიიღო ჩიხური ხასიათი, საქმეში ჩაერია სოროსი, რომელმაც საკმაოდ უხეში ფორმით გააკრიტიკა თავისი ყოფილი სტიპენდიანტი. ორბანმაც უპასუხა: “მე არ გამოვდივარ ევროკავშირის წინააღმდეგ, მე ვებრძვი იმ კოლოსალურ კორუმპირებულ და დანაშაულებრივ იმპერიას, რომელიც “ფილანტროპის” მანტიით შენიღბულმა ჯორჯ სოროსმა შექმნა, რომელიც სინამდვილეში ძალაუფლების მანიით შეპყრობილ მანიაკს წარმოადგენს – საკუთარი ხელმძღვანელობით, ახალი პოლიეთნიკური და მულტიკულტურული იმპერიის შექმნის მიზნით”.

ვიქტორ ორბანი ცდილობდა ბრიუსელის ჩინოვნიკებამდე თავისი ეს პოზიცია დაეყვანა: რომ ისინი იმყოფებიან სოროსის ამ გამანადგურებელი მისწრაფების ტყვეობაში და ღიად ადანაშაულებდა, რომ ბევრი მათგანი – ბანალურად შესყიდულები არიან სოროსის მხრიდან და ჯამაგირს მისგან იღებენ. ვიქტორ ორბანი ცდილობდა EU-ს მესვეურების დარწმუნებას, რომ სოროსის “ღია საზოგადოებას” არანაირი საერთო არ გააჩნია არც თავისუფლებასთან და არც დამოუკიდებლობასთან, არამედ – ოსტატურად შენიღბული მონობის ახალ სახეობას წარმოადგენს.

ვიქტორ ორბანმა ღიად დაუპირისპირა სოროსის “ლიბერალურ დემოკრატიას” – “ქრისტიანული დემოკრატია”, რომლის ძირითადი ფასეულობაა: შეგნებული არჩევანის თავისუფლება და არა ბრბოს ბრმა მორჩილება თავისი ბელადის მიმართ. ამ თავის “ომში”, ვიქტორ ორბანი ღიად ქადაგებდა “ბრიუსელის ახალ იმპერიასთან ბრძოლაზე”, რომელსაც ეწინააღმდეგებიან “საკუთარი თვითმყოფადობის, იდენტობის, თავისუფლების შენარჩუნების სურვილის მქონე ეროვნული სახელმწიფოები – რომლებსაც ღიად უპირისპირდება სოროსის ქსელი”.

აქედან გამომდინარე, თავად გამოიტანეთ დასკვნა – “ვინ” ან “რა” ებრძვის დღეს უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უნგრეთს და მათ ლიდერებს და ვინ გასცა ბრძანება “ФАС!” ხატია დეკანოიძეს. თავად გამოიტანეთ დასკვნა – რა ბრძოლაშია ჩართული დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რა ვერაგ მოწინააღმდეგესთან აქვს საქმე მოქმედ ხელისუფლებას.

იმაზეც გამოიტანეთ დასკვნა, რა ბრძოლაში ჩაება მოძრაობა “ხალხის ძალა” – მაგრამ, გარდა ზეციური მხარდაჭერისა, ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებას ის მძლავრი სამეგობრო, კონსერვატიული, ქრისტიანული ძალები ამაგრებენ, რომლებიც დღეს არ შემოიფარგლებიან მხოლოდ უნგრეთით, პოლონეთით ან იტალიით. უამრავ ევროპულ სახელმწიფოში და რა თქმა უნდა, აშშ-ში ამ პროცესების განვითარება გარდაუვალ ხასიათს იძენს. ამიტომაც არის გაშმაგებული “სოროსის ქსელი”, ამიტომაც – სწორი გზით მივდივართ…”- წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება