fbpx

დავით ქართველიშვილი: თვალსა და ხელს შუა გვეცლება ისრაელ-ჰამასის ომის ძირითადად პროგნოზირებული მიზანი – ირანი

“ყველაზე მნიშვნელოვანია ეს “მეტამორფოზა” – ირანის მიმართ ომის გაჩაღების პერსპექტივიდან დაწყებული, ირანის როგორც რეგიონალური “მშვიდობისმყოფელის” დაჯილდოვებით დასრულებული,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ამერიკის გავლენაზე წერს და აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან თხოვნის შემდეგ ისრაელმა ლიბანში “ჰესბოლას” ლოკაციებზე თავდასხმაც კი შეწყვიტა.

“დასასრულს უახლოვდება “ჰამას-ისრაელის” ომის მეორე თვე. მით უფრო რთულია იმის პროგნოზირება, რითი დასრულდება იგი. არანაკლებად ძნელია იმის გაანალიზებაც, რამ (ვინ) გამოიწვია ეს ომი. თუ პირველი დღეებიდან ომის გაჩაღების ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა მასში ირანის ჩათრევა, აქედან გამომდინარე რეგიონალური აყირავების შედეგებით – ამჟამად ჩვენს თვალწინ ვითარდება სულ სხვა სურათი.

ორი დღის წინ გამომცემლობა SHARQ Analytics-მა ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოჰამად რეზე ფარზინის ინფორმაციაზე დაყრდნობით გვაცნობა, რომ “ყადაღა მოეხსნა” კიდევ ერთ სოლიდურ დასანქცირებულ ირანულ თანხას. ეს არის უკვე მეორე მსგავსი გადაწყვეტილება. მანამდე 6 მილიარდი დოლარი დაუბრუნდა ირანს სამხრეთ კორეიდან, ყატარის შუამდგომლობით ირანელი და ამერიკელი პატიმრების გაცვლითი პროგრამის სანაცვლოდ.

ეს ინფორმაცია მით უმეტეს ცოტა ალოგიკურად ჟღერს ჯერ კიდევ თვენახევრის წინ ამერიკელების მიერ ისრაელ-ირანის შეტაკების ლამის პროვოცირების ფონზე. ამის შესახებ ნაწილობრივ პასუხს გვაწვდის ირანის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო IRNA: 22-23 ნოემბერს ლიბანში შედგა ირანის საგარეო მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლახიანის შეხვედრა “ჰეზბოლას” ლიდერ ჰასან ნასრალასთან.

მოლაპარაკებების შედეგები გასაიდუმლოებულია, თუმცა ფაქტი ჯიუტია – ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის მას შემდეგ შეტაკებებს ადგილი აღარ აქვს. გარდა ამისა, გუშინწინ ისრაელის მე-13 ტელეარხმა გააჟღერა აშშ-ს პრეზიდენტის თხოვნა ისრაელის პრემიერის მიმართ “თავი შეიკავონ სამხრეთ ლიბანში განთავსებული “ჰესბოლას” ობიექტებზე თავდასხმისაგან”. თავის მხვრივ ლიბანის მედიასაშუალებებიც ადასტურებენ – უკანასკნელ თვენახევარში პირველად სამხრეთ ლიბანში მშვიდობა და სიწყნარეა, ადგილობრივი შიიტური და ქრისტიანული სოფლების მოსახლეობა დაუბრუნდა თავის კერებს.

ამ ინფორმაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ეს “მეტამორფოზა” – ირანის მიმართ ომის გაჩაღების პერსპექტივიდან დაწყებული, ირანის როგორც რეგიონალური “მშვიდობისმყოფელის” დაჯილდოვებით დასრულებული. ასე რომ, თვალსა და ხელს შუა გვეცლება ამ ომის ძირითადად პროგნოზირებული მიზანი – ირანი. რაც შეეხება ირანულ სანქცირებულ ფინანსებზე “ყადაღის” მოხსნას – პირველ რიგში ეს ფაქტი ჯო ბაიდენის მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან,” – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება