საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დავით ნარმანიამ კომიტეტის წევრებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების 2025 წლის ძირითადი ასპექტები, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები. კომიტეტების მიერ სემეკის ანგარიში დადებითად შეფასდა.
”2025 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. გასულ წელს სემეკმა შეიმუშავა სამწლიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამჭვირვალე და ხარჯებზე დაფუძნებული სატარიფო რეგულირების უზრუნველყოფასა და კონკურენტული ბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, კომისიამ პირველად დაადგინა მელიორაციის მომსახურების ტარიფი, განახორციელა რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და შეამოწმა განხორციელებული ინვესტიციები. ამასთანავე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, აქტიურად რეაგირებდა მათ პრეტენზიებზე და იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით ხელს უწყობდა კომუნალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს დარგების მიმართ ინტერესის ზრდასა და მომავალი პროფესიონალების მომზადებას, რაც სექტორების მდგრადი განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/our-commission/commission-reports/tsliuri-angarishebi