მომეცით უფლება, ეჭვი შევიტანო ოპოზიციის დიდი ნაწილის გულწრფელობაში, რადგან მათ დღემდე სამწუხაროდ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
ამით დეპუტატი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით დაგეგმილ სამუშაო პროცესს გამოეხმაურა.
„ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში. თუმცა მომეცით უფლება, ეჭვი შევიტანო ოპოზიციის დიდი ნაწილის გულწრფელობაში, რადგან მათ დღემდე სამწუხაროდ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებულიყო და მგონია, რომ არც ახლა გამოიჩენენ განსაკუთრებულ ძალისხმევას. თუ ასეთი რამ იქნება, ეს იქნება ილუზორული მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკეულ საკითხებში საზოგადოებას დაანახონ თავისი მონაწილეობა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ხვალ პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა პუნქტზე მუშაობას დაიწყებს. მხარეები ჯერ სამუშაო ფორმატზე შეთანხმდებიან. შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და მესამე სექტორი უნდა დაესწროს.