დავით ლორთქიფანიძე „ზარაფხანას“ გასხვისებაზე: თუ გინდა “ზარაფხანაში“ პრობლემა არ შეგექმნას,ოფშორის ანგარიშს გადმოგიგზავნით, სადაც გადარიცხავ თანხას და მერე დაგანებებენ თავსო

მირეკავენ და მეუბნებიან, რომ თუ გინდა “ზარაფხანაში“ პრობლემა არ შეგექმნას და შეიძლება მერე აღარც გავყიდოთ, ოფშორის ანგარიშს გადმოგიგზავნით, სადაც გადარიცხავ თანხას და მერე დაგანებებენ თავს. ეს მითხრა ვინმე აბაშიძემ, სახელი თუ არ ვცდები, ლევანი, – ამის შესახებ 2000-2004 წლებში “ეროვნული ზარაფხანის” გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ერთი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში გაატარა და 2004 წელს, საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ სხვადასხვა ნორმის შეცვლის შედეგად, „ზარაფხანაში“ ახალი დირექტორი მიიყვანეს, რომელმაც ყველა დავალება შეასრულა და რამდენიმე თვეში საწარმო საპრივატიზაციოდ მოამზადეს. „ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში შევიტანე განცხადება, რომ მოეკვლიათ, რა თქმა უნდა, ვერ დაადგინეს ვინ იყო. [მითხრეს] ვიცით, რომ თქვენ პირადი თანხა არ გაქვთ, მაგრამ პროდუქცია რომ არის გადატვირთული ლატვიაში და უკრაინაში, იმ პროდუქციის თანხა გადარიცხე ანგარიშზეო. რომ არ წავედი მათთან გარიგებაზე, პროკურატურამ აღძრა საქმე ამაზე, აგვისტოს თვეში მცნეს დაზარალებულად, იფიქრეს არ გვეშვებაო. მე მივმართე ამერიკის ელჩს, გაეროს მისიის ხელმძღვანელს, საელჩოებს, გამოვაცხადე შიმშილობა, რომ ასე ექცევიან სახელმწიფო საწარმოს, მის ხელმძღვანელს და იქნებ ხმა ამოიღოთ ამასთან დაკავშირებით. 2004 წლის სექტემბერში გავედი შვებულებაში. ერთი წელი ვიყავი მათთან ხელჩართულ ომში, რომ მოვიდნენ და 2004 წლის თებერვლიდან დაიწყეს, სექტემბერში შვებულებაში გავედი და მირეკავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჩემი მოადგილე, დირექტორი მოიყვანესო – გამეცინა, დირექტორი როგორ მოიყვანეს, შვებულებაში ვარ. მივედი “ზარაფხანაში”, სადაც ნიღბებით სპეცრაზმი იდგა, მიცნეს და მითხრეს, აქ რამ მოგიყვანა ახლა ბრძანებას მოგვცემენ და დაგიჭერთო. მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში ავედი, სადაც მინისტრის მოადგილეს დირექტორი ჰყავს მოყვანილი და ატარებენ თათბირს, აქ რას აკეთებთ, რამე საბუთი, ან ბრძანება, რეესტრის ამონაწერი გაქვთ მოტანილი-მეთქი? არაფერი ჰქონდათ, ამაზე ვიდავეთ და გავუშვით იქიდან. მერე მოიფიქრეს მექანიზმი – საწარმოთა მართვის სააგენტოში, იურიდიული დეპარტამენტი იყო, რომელიც ასეთ თემებზე ძალიან მაგრად “მუშაობდა”. რაღაც ნორმები შეცვალეს და ცოტა ხანში მოიყვანეს ახალი დირექტორი თავისი რეესტრის ამონაწერით და მაშინ, როდესაც მე შვებულებაში ვიყავი, დასვეს ის ადამიანი, რომელმაც შეასრულა ყველა დავალება. სამ თვეში ეს საწარმო მოამზადეს საპრივატიზაციოდ, გაიტანეს აუქციონზე და 8,5 მილიონის საწესდებო კაპიტალის საწარმო, სადაც 5 მილიონზე მეტი ოქროს ნაკეთობები ინახებოდა, გაყიდეს მილიონ ნახევარ ლარად,“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება