fbpx

გუშინ მოვისმინეთ, ევროკავშირმა რომ გვითხრას, ერთი კვირა ცალ ფეხზე იდექით, უნდა დავდგეთო! მათ თუ უნდათ, ასკინკილა შევიდნენ ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ გვსურს, ევროკავშირში ღირსეულად შევიდეთ, როგორც ორ ფეხზე მყარად მდგარი სუვერენული ქვეყანა!

„კოლონიური აზროვნების ჩვეულებრივი გამოვლინება იყო ის, რაც გუშინ კომიტეტების სხდომაზე მოვისმინეთ – ევროკავშირმა რომ გვითხრას, ერთი კვირა ცალ ფეხზე იდექით, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო! ბურჯანაძესა და მის მხარდამჭერებს თუ უნდათ, ასკინკილათი შევიდნენ ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ევროინტეგრაცია ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად მდგომ სუვერენულ ქვეყანას, ისე გვსურს“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი „პოსტივის“ ეთერში. მისი თქმით, ევროინტეგრაცია ქართული ღირებულებების დავიწყების ფასად არ უნდა მოხდეს.

„გუშინ მოხდა ლუსტრირება. ეს არაერთხელ მომხდარა, მაგრამ გუშინ მოხდა უკვე საბოლოოდ, მთლიანად ლუსტრირება ამ რადიკალური ოპოზიციისა და  არასამთავრობო სექტორის. პრინციპში, მეტი გზა არც ჰქონდათ დარჩენილი, რადგან არგუმენტები, როგორც ნახეთ, არაფერი ჰქონდათ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, არც შინაარსში შედიან, რადგან იციან, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ვერ ექნებათ ვერანაირი კითხვა.

ერთადერთი, რაც მოიფიქრეს, პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, არის, რომ ან სხდომა ჩაეშალათ, ან მოეწყოთ არეულობა, რაც, მერე შეეცდებოდნენ, რომ გადაზრდილიყო ქუჩის გამოსვლებში. ეს იყო ნათელი უკვე დასაწყისიდანვე. ზოგადად, ეს მათი გეგმაა, არა მარტო მათი, არამედ მათი უცხოელი პატრონების, მაგრამ გუშინდელმა დღემ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი რამ დაანახა, რომ სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს.

როდესაც უსამართლობის მხარეს ხარ, როდესაც არგუმენტები არ გაქვს, როდესაც გეუბნებიან, რომ კანონპროექტი დევს ერთი, მეორე და ერთი წინადადება თქვი 6 თუ 7 საათის განმავლობაში [და ვერ ამბობ, არეულობის მოწყობის გარდა სხვა გზა არ გრჩება].

ვეუბნებოდით, რომ პრინციპების დონეზე ეთქვათ ერთი წინადადება და მერე ვეტყოდით არის თუ არა ამ წინადადებაში რამე პრობლემა, ან თავად ეთქვათ ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ ამას ვერ ამბობდნენ. შემდეგ, როცა უკვე ამოეწურათ ეს არგუმენტები, თქვეს, რომ ეს უბრალოდ არ უნდა მივიღოთ, რადგან ევროკავშირმა თქვა, რომ არ უნდა მივიღოთ. შემდეგ ბურჯანაძემ დააგვირგვინა: კი, შეიძლება ეს კარგი იყოს და მისაღები, მაგრამ ევროკავშირმა რომ გვითხრას, რომ ცალ ფეხზე დადექიო, უნდა დავდგეთ და ისე უნდა შევიდეთ ევროკავშირშიო – ეს იყო კოლონიური აზროვნების ჩვეულებრივი გამოვლინება. ბურჯანაძემ ხომ იცის, რომ ადამიანი ერთი კვირა ფეხზე ვერ გაჩერდება, ესე იგი მან დაუშვა, რომ ევროკავშირის ისეთი მოთხოვნაც კი, რომელსაც ვერ შეასრულებ, მაინც უნდა შეასრულო იმიტომ, რომ ის არის ევროკავშირიდან.

ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი ცნობილი ლექსი, კომუნისტებს, თუ ბოლშევიკებს ჰქონდათ:

„მოვკლავ დედას,

დავახრჩობ მამას,

თუკი პარტია

მიბრძანებს ამას“.

პარტია ამოიღო და ჩასვა ევროპა.

გამოდის, რომ როცა ამბობ, კი, ახლა ჩვენ ვართ „პოსტივის“ სტუდიაში, სამი ადამიანი და მიდის გადაცემა იოანე შაიშმელაშვილთან, ეს რეალობაა, ხალხი ხედავს ამას, არა?! მაგრამ თუ ნედ პრაისი გამოვა და იტყვის, რომ „პოსტივიში“ გურამ მაჭარაშვილი სტუმრად არ არის, მაშინ უნდა შეიცვალოს აზრი [საზოგადოებამ]. მერე რა, რომ რეალობაში ეს ხდება და ხალხი უყურებს – არა, თუ ეს ნედ პრაისმა და ევროპარლამენტარებმა თქვეს, მაშინ აზრი უნდა შეიცვალოს. ბურჯანაძესა და მის მხარდამჭერებს თუ უნდათ, ასკინკილათი შევიდნენ ევროპარლამენტში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ღირსებით შევიდეთ, როგორც ორ ფეხზე მყარად მდგარი სუვერენული ქვეყანა. ამიტომ გვინდა ევროკავშირი და ევროპაში შესვლა.

დღეს ვთქვი და გავიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, ფაშიზმიც ევროპაში იყო, ჰიტლერი და მისი მიმდევრები ევროპაში იყვნენ, მაგრამ ევროპამ უარი უთხრა ასეთი ტიპის წყობას თავის დროზე და თქვა, რომ ეს არ არის ევროპა ჩვენ ვიცით, რაც არის ევროპა. მას შემდეგ შეტრიალდა სიტუაცია და მოვიდნენ ის ხელისუფლებები, რომლებიც მართლა ევროპული ღირებულებებით იყვნენ.

როცა 27 ელჩი მივა იუსტიციის მინისტრთან და ეტყვის, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გვერდზე გადადოს, იგნორირება გაუკეთოს კანონის უზენაესობას, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს და ჩვენ რასაც გეტყვით, ის გააკეთეო – ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულება, ჩვენ ამას ვამბობთ და დარწმუნებული ვართ, რომ მოვა ის დრო, როდესაც ევროპაში ნამდვილი ევროპული ღირებულებები იქნება და ამიტომაც ჩვენ ეტაპობრივად ვაგრძელებთ ამ პროცესს, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია, რადგან ეს ხომ ერთ და ორ წელიწადში არ ხდება.

ჩვენ რეალურად ევროპაში გვინდა არა იმიტომ, რომ სიტყვა ევროპა მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ დავინახეთ, ჩვენი ქართული ღირებულებები თავსებადი და ახლო იყო ნამდვილ, ჯანსაღ ევროპულ ღირებულებებთან. მაგრამ თუ ახლა იქიდან წამოვა ისეთი პროცესები, რომ გვეტყვიან, ახლა ცალ ფეხზე დადექი, აგინე ეკლესიას, პრაიდები ჩაატარე, შენი ქართული ტრადიციები, სუვერენიტეტი ნელ-ნელა დაივიწყე, მაინცდამაინც ნუ მიაქცევ ყურადღებასო, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ამაზე  ქართული საზოგადოება არ წავა. ხალხი შეცდომაში არ შევა, ვერ შეიყვანენ, ჩვენ არ გვინდა სუვერენიტეტის და ქვეყნის განადგურების ხარჯზე ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვინდა, რომ ღირსებითა და სუვერენიტეტით შევიდეთ ევროკავშირში“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება