fbpx

გურამ მაჭარაშვილი: მხოლოდ ომის საქმე არაა, სხვა დანაშაულებიც ცნობილია, მაგრამ ომის საქმეზე ნაციონალური მოძრაობა მხილებულია თავისივე პატრონების მხრიდან

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის გასამართლების პროცესი არ გაიწელება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საამისოდ მასალები საკმარისზე მეტია.
მაჭარაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას საფუძვლად დაედება არა მარტო დანაშაულების ამსახველი ფაქტები, არამედ განცხადებები და ციტატები, რომლებიც კეთდებოდა 2008 წლის ომის შემდეგ როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

„მკაფიოდ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ხელისუფლებაზე გვაქვს საუბარი და არცერთ შემთხვევაში იმ ხალხზე, რომლებმაც დაიცვეს საქართველო. აქ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გლობალური ომის პარტიის გეგმით აღასრულა პროვოცირება, რომლის შედეგები იყო პოზიტიური რუსეთისთვის და ნეგატიური საქართველოსთვის.

ის ციტატები, რაც ჩვენ მოვიყვანეთ, საკმარისია იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა გასამართლდეს როგორც რეჟიმი. ეს ხელისგულზე დევს და მათზე ბევრი არაფერია დასამატებელი. მხოლოდ ომის საქმე არაა, სხვა დანაშაულებიც ცნობილია, მაგრამ ომის საქმეზე ნაციონალური მოძრაობა მხილებულია თავისივე პატრონების მხრიდან. მაგალითად, რიჩარდ მაილსმა აღიარა, რომ გეგმა იყო, ოღონდ სააკაშვილმა, როგორც სჩვევია, რაღაცები შეცვალაო. ანუ, უსაყვედურა თავის მორჩილს, რომ სხვა გეგმა ჰქონდა გლობალური ომის პარტიას და ეს გეგმა სააკაშვილმა შეცვალა. ცნობილია სარკოზისა და ტალიავინის განცხადებები. რაც ყველაზე მთავარია, რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ და რომლის თანახმად, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, რასაც მოჰყვა რუსეთის შესაბამისი რეაგირება. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ გართულდება გამოძიება და შედეგი აუცილებლად დაიდება. ამას დაემატება სხვა ინფორმაციაც, მაგრამ ესეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ნაცმოძრაობის რეჟიმის გასამართლების საფუძველი არსებობდეს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება