fbpx

გრიგორი კარასინის განცხადებებით ხელისუფლების დაზიანებას ნუ შეეცდებით – კარასინისა და ძმათა მათი მიზანი სწორედ ის არის-ქადაგიშვილი

გრიგორი კარასინის განცხადებებით ხელისუფლების დაზიანებას ნუ შეეცდებით – კარასინისა და ძმათა მათი მიზანი სწორედ ის არის, რომ მარტივი პროვოკაციების მეშვეობით ე.წ. რადიკალურ ოპოზიციასა და მათ რუპორებს ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის გამოწვევის შესაძლებლობა მისცენ, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთში დიასპორის მიერ გამართულ რაღაც შეკრებებთან და კარასინის რაღაც განცხადებასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არა აქვს.

“მინდა ყველასთვის ნათლად განვმარტო – რუსეთის ხელისუფლება საკუთარი განცხადებებით მაქსიმალურად ეცდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის, დუღილის ტემპერატურის აწევას. გამომდინარე აქედან, ყველას მოვუწოდებ, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების დღის წესრიგი განმსაზღვრელად ნუ გახდით – მათი განცხადებები ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის განმსაზღვრელი არ არის.

რა განცხადებას გააკეთებს კარასინი, რუსეთში საქართველოდან კერძო პირი ჩავა თუ არა და იქ მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები რა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ კურსს არ ცვლის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ “გორჩაკოვის ფონდი“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი შეხვდა. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია “შეუმჩნეველი არ დარჩენია“. მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ “ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი“.

“პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობა ხასიათდება ურთიერთდახმარებით. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდ მიდგომას. ვინც ჩვენ გვეპყრობა სამართლიანად და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება“, – განაცხადა კარასინმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება