fbpx

“გორის ისკანდერი”- საქართველოს “ოქროს სამხილი” სტრასბურგში

2018 წლის 23 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული ხანგრძლივი სამუშაო პროცესებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს გადმოეცა 2008 წლის ომის “ოქროს სამხილი” – “გორის ისკანდერი”. ფაქტობრივი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ იბომბებოდა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული ბომბებით, მტკიცებულებების შეტანის ბოლო წუთებში, 25 აპრილს წარვადგინეთ სტრასბურგის სასამართლოში 

დღეს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმის “საქართველო რუსეთის წინააღმდე”  დასკვნითი სხდომა გაიმართება.

2008 წლის ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე დიდი პალატის 17 მოსამართლე საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს შეისწავლის.

რუსეთ-საქართველოს ომის საქმის არსებით მხარეზე წერილობითი პოზიციები და შესაბამისი მტკიცებულებები საქართველომ პირველად წარადგინა 2014 წლის 31 დეკემბერს, ამის შემდეგ დამატებით − 2016 წლის 19 თებერვალს და 31 მარტს, 2017 წლის 31 იანვარსა და 24 ნოემბერს; საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა 2008 წლის 11 აგვისტოს, 2009 წლის 6 თებერვალს კი წარადგინა დაზუსტებული საჩივარი; სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საჩივარი მისაღებად ცნო, არსებითი მხარის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე; საჩივრის მისაღებობის გარკვეული წინაპირობები, მათ შორის, იურისდიქციისა და შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის მიმართულებით, შეუერთა საქმის არსებით მხარეს.

 “აიპრესის” მიერ საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი მასალებით ირკვევა, რომ 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით); საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ (2013 წლის 8 ოქტომბრიდან) შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი შრომა გასწია ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოსაძიებლად, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი „გორის ისკანდერია“.

საჩივრის შეტანის დროს 2009 წელს ამ ეპიზოდზე მტკიცებულებები არ ყოფილა წარდგენილი და მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში გამყარდა ეს ინციდენტი შემდეგი მტკიცებულებებით:

„ისკანდერის“ ნარჩენების შესახებ ექსპერტის დასკვნები (მტკიცებულებების წარდგენის წლები:  2017, 2018);

ფოტო და ვიდეომასალა (სადაც ჩანს „ისკანდერზე“ დატანილი ნიშნული, რაც ადასტურებს, რომ არის რუსული წარმოების და დამზადებულია რუსეთის არმიისთვის (ჩანს აფეთქების შემდგომი კვალიც) (მტკიცებულებების წარდგენის წლები:  2017-2018);

სათვალთვალო კამერები (სადაც ჩანს დრო და გორის ცენტრში აფეთქების ფაქტი) (მტკიცებულებების წარდგენის წლები:  2017-2018);

აფეთქების შემდეგ გადაღებული ვიდეომასალა და ფოტოები (მტკიცებულებების წარდგენის წლები:  2017, 2018);

თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები (მტკიცებულებების წარდგენის წლები:  2009, 2010, 2014, 2017, 2018);

ჰოლანდიელი ჟურნალისტის დოკუმენტური ფილმი (რომელიც აღწერს გორის მოედანზე ჩამოგდებულ ბომბს, რომლის მონაცემებიც ემთხვევა „ისკანდერის“ აღწერილობას (მათ შორის, სერიული ნომერიც) და „ისკანდერის“ შესახებ ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას) (მტკიცებულებების წარდგენის წლები:  2017).

სტრასბურგისთვის მიწოდებულ მასალებში “გორის ისკანდერის” ეპიზოდი 10 დანართადაა მიწოდებული:

დანართი 1 – ბანკისა და კაზინოს CCTV კამერებმა დააფიქსირეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს, 10:40-10:50 დროის შუალედში გორის ცენტრში უზარმაზარი აფეთქება მოხდა.

დანართი 2 – 2008 წლის 14 აგვისტოს საღამოს 8 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც წარადგინა ფოტო მტკიცებულება იმისა, რომ ბალისტიკური რაკეტები (ისკანდერ SS26) სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩამოვარდა, ესენია: გორი, ფოთი და ბაქო-სუფსის სტრატეგიული ტრანსნაციონალური ნავთობსადენის სიახლოვეს. ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ისკანდერის რაკეტების მიზანს მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები წარმოადგენდნენ, გორის ცენტრში ისკანდერის რაკეტის აფეთქებას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ეს პრესკონფერენცია ადასტურებს, რომ ფოტოები ხელმისაწვდომი იყო უკვე 2008 წლის 14 აგვისტოს – ორი დღის შემდეგ, რაც მოხდა აფეთქება და გორს მთლიანად რუსეთი აკონტროლებდა.

დანართი 3 – 2008 წლის 12 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე პირველი არხი აჩვენებს გორის ცენტრში რაკეტის აფეთქების შედეგებს, დაშავებულ და დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთა შორის იყო ჰოლანდიელი ჟურნალისტი.

დანართი 4 – 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში რაკეტის აფეთქების შემდეგ დაუყოვნებლივ იქნა გადაღებული ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია მოკლული და დაშავებული ადამიანები.

დანართი 5 – ბატონი სტან სტორიმანსის ცხედრის ფოტოები, რომელზეც ნათლად ჩანს კასეტური ჭურვების აფეთქების შედეგად მიყენებული 20-ზე მეტი ჭრილობა.

დანართი 6 – 2008 წლის 12 აგვისტოს სეისმური ჩანაწერების შემცველი ექსპერტიზის დასკვნა და 2008 წლის 12 აგვისტოს მასობრივი აფეთქების დამადასტურებელი ფაქტები, რომლებიც 10:40-10:50 პერიოდში, გორის ცენტრში მოხდა (ეს აფეთქება ექსპერტების დასკვნაში გამოირჩევა სხვა აფეთქებებისგან, ვინაიდან იყო მასიური, რამდენიმე წამის განმავლობაში დაახლოებით 20 აფეთქების აღბეჭდვა მოხდა)

დანართი 7 – 2008 წლის 25 აგვისტოს, პირველი არხის 8 საათიან გამოშვებაში აჩვენეს საშინლად დაზიანებული ქალაქ გორის კადრები, კადრები მოიცავდა ისკანდერის რაკეტის ნაწილს, რომელიც ერთ-ერთი მშვიდობიანი მაცხოვრებლის ბინაში იყო გაჭედილი.

დანართი 8 – გორის ცენტრის ექსპერტიზის დროს 2018 წლის იანვარში საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტების მიერ გადაღებული ვიდეო კადრები და ფოტოსურათები, რომლებზეც ასახულია კასეტური და საარტილერიო ჭურვების შედეგად დაზიანებული შენობები.

დანართი 9 – ისკანდერ SS26-ის სხვადასხვა ნაწილების ფოტოსურათები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში აფეთქდა. ეს ის ნაწილებია, რომლებიც აღმოჩენილია გორის ცენტრში ერთ-ერთ ბინაში. როგორც სასამართლოსთვის 2018 წლის 25 აპრილს გახდა ცნობილი, ისკანდერ SS26-ის ზემოთ ხსენებული ბოლო ნაწილი საქართველოს მფლობელობაში 2018 წლის 23 აპრილს აღმოჩნდა.

დანართი 10 – 2017 წლის 23 ნოემბრის შიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში მომხდარი სარაკეტო დარტყმები რუსეთის მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის 9M723 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტის ნაწილს წარმოადგენდა. მასალები რუსული კომპანიის (რომელიც ისკანდერს აწარმოებს) ოფიციალური ვებ-გვერდიდან ადასტურებს, რომ ისკანდერ M, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში აფეთქდა, მისი საექსპორტო მოდიფიცირებული ისკანდერ E-სგან განსხვავებით, მხოლოდ რუსული არმიისთვის იყო წარმოებული. 2008 წლის 12 აგვისტოს, გორის ცენტრში ჩამოგდებული რაკეტის სამ სხვადასხვა ნაწილს ერთნაირი ნიშანი – 9M723 აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რაკეტა არამხოლოდ რუსული წარმოების იყო, არამედ იგი რუსეთის არმიის ექსკლუზიურ მფლობელობაში იყო. ამ ნიშნების ფოტოები სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბერს წარუდგინეს, თუმცა კიდევ ერთხელ არის წარმოდგენილი. ისკანდერის საწარმო კომპანიის ვებ-გვერდზე ხაზგასმულია, რომ რაკეტა მაღალი სიზუსტის მქონეა. 

 იუსტიციის მინისტრის მაოდგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ამ მომენტშიც მიმდინარეობს ძალიან აქტიური სამუშაოები.

“ჩვენ ვიხილავთ ჩვენს იურისტებთან ერთად, საბოლოოდ ვათანხმებთ ყველა დეტალს, გავდივართ გამოსვლას, ასევე ვჯერდებით და ვმუშაობთ კითხვა–პასუხებზე. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პოზიცია, რომელსაც ჩვენ დავაფიქსირებთ იყოს მკაფიო, იყოს ეფექტური, რამაც უნდა მოიტანს საბოლოო შედეგი. ერთობლიობაში იმ მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ვახსენე ეს არის სარადარო, დინამიური მონაცემები, სადაც თითქმის უწყვეტად ჩაწერილია 8–დან 12–მდე და რომელიც მიუთითებს და ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავებს ჰქონდათ აბსოლუტური კონტროლო საქართველოს საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. წყარო ,,აიპრესი,,

გაუზიარე!

Shares