გონჩარენკო იყო იანუკოვიჩის პარტიის წევრი და როგორც პუტინი რამდენიმე წლის წინ ისე საუბრობდა-მიხეილ ყაველაშვილი

ის იყო იანუკოვიჩის პარტიის წევრი და როგორც პუტინი რამდენიმე წლის წინ ისე საუბრობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში ჩართვისას განაცხადა.

უკრაინელი კოლეგის, გონჩარენკოს მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დაიცავს ეტიკეტს, რათა მას შეურაცხყოფა არ მიაყენოს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ქართული მედია, ოპოზიციური სატელევიზიო არხები გუშინ მის გამონათქვამებს იშველიებდნენ. იგი შეურაცხყოფდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„ძალიან შეურაცხმყოფელი იყო მისი გამონათქვამი და ნორმალურ ვითარებაში ამას, რა თქმა უნდა, აუცილებლად პასუხს გავცემთ, მაგრამ როდესაც დღეს უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, თავს შევიკავებ, რაიმე მკაცრი შეფასებები გავაკეთო ამ ადამიანის მიმართ. უბრალოდ, ჩვენს ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილი და დღესაც აპირებენ შეკრებას, რა თქმა უნდა, სოლიდარობა და პროტესტი ეს აუცილებელიცაა და მთელი მსოფლიოა გაერთიანებული უკრაინის გარშემო, მაგრამ არაერთი გამოცდილება აქვს ამ ქვეყანას, რომ მსგავსი მოწოდებები, როდესაც საკუთარ ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და სხვა ქვეყანაში მოუწოდებ ხალხს, რომ იარაღი აიღონ და საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნონ, ეს არის ის მეხუთე კოლონა და ინტერესი, რაზეც ამ დღეებში ვსაუბრობდით. ვის აწყობს დღეს საქართველოში არეული სიტუაცია? ასეთი ადამიანები არიან პირდაპირ აგენტები. ოპოზიციური არხები რადას ამ დეპუტატს თითქოსდა, უკრაინის პატრიოტად რომ წარმოგვიდგენენ, ნახონ. ის იყო იანუკოვიჩის პარტიის წევრი და როგორც პუტინი საუბრობს ასე საუბრობდა რამდენიმე წლის წინ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

დღეს საქართველოს ჰყავს გონიერი ხელისუფლება. სოლიდარობა და პროტესტი აუცილებელია, მაგრამ ახალგაზრდებს შეახსენა, რომ სიმართლის თქმა უკან დახევა არ არის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება