ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით გამოსვლა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესიაზე, რომელიც კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქ იაუნდეში იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, მსურს მადლიერება გამოვხატო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეისა და კამერუნის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისა და განსაკუთრებულად თბილი მიღებისთვის.- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სიტყვით გამოსვლისას.
როგორც კახიანმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ არის ერთგული მულტილატერალიზმის და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის მიმართ – ეს ორი განუყოფელი საყრდენია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა.
მისივე თქმით, “ჩვენი ქვეყნისთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიული ცნებები არ არის; ისინი ყოველდღიური რეალობაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც ირღვევა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები არიან განთავსებული”.