fbpx

გიორგი ვოლსკი: იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებმაც საზოგადოების წინაშე ანგარიში უნდა წარადგინონ, არის საკმაოდ ლოიალური, განსხვავებით იმისგან, რაც აქვს იგივე დასავლეთს და რუსეთს

იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებმაც საზოგადოების წინაშე ანგარიში უნდა წარადგინონ, არის საკმაოდ ლოიალური, განსხვავებით იმისგან, რაც აქვს იგივე დასავლეთს და რუსეთს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ევროპულ პერსპექტივას ეწინააღმდეგება ის, რომ მთელ საზოგადოებას შთააგონო, რომ არავითარ შემთხვევაში, დონორი ორგანიზაციები არ იქნებიან ანგარიშვალდებული ქართული საზოგადოების წინაშე და რასაც უნდა იმას დააფინანსებენ – უნდა „კანვას“ შეკრებენ და ბავშვებს ასწავლიან თუ როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და შევარდნენ, დაარბიონ, „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ. ეს არის თურმე მთელი პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი აწარმოებს საქართველოში, რაც რეალობას არ შეესაბამება. უამრავი პოზიტიური პროექტია, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მართლა საქმეზე არის ორიენტირებული. საერთოდ, რომელია პროდასავლური და რომელი პრორუსული სერიოზულ პასუხებს საჭიროებს.

მთელი ძალისხმევა მიემართება იმისკენ, რომ როგორმე დასავლეთისგან შექმნან სურათი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს რა პროექტებით შემოდის და რა თანხას ხარჯავს ამ პროექტებში. როდესაც ასეთი მარტივი ფორმულით ესაუბრები ოპონენტს, პასუხები არ არის – გეუბნება, რომ რუსულია და დამთავრდა. დღეს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისიც კი თქვა, რომ კანონპროექტის მეორე მუხლი არის ისეთი, რომელიც თურმე რუსულია. ამ დროს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებმაც საზოგადოების წინაშე ანგარიში უნდა წარადგინონ, არის საკმაოდ ლოიალური, განსხვავებით იმისგან, რაც აქვს იგივე დასავლეთს და რუსეთს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება