fbpx

გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პირები, რომლებიც ცესკოსთან გუშინდელ აქციაზე ქვებს ისროდნენ, მიგზავნილი პროვოკატორები იყვნენ

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პირები, რომლებიც ცესკოსთან გუშინდელ აქციაზე ქვებს ისროდნენ და ჯებირებს ძალადობრივად ანგრევდნენ, მიგზავნილი პროვოკატორები იყვნენ.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მან რამდენიმეს პირადად მოუწოდა, რომ გაჩერებულიყვნენ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ.

„ვნახეთ ქვის სროლა. ესენი იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც „მათი“ მხრიდან იყვნენ შემოგზავნილები იმისთვის, რომ ეს სურათი შეექმნათ. რამდენიმესთან პირადად მივედი და ვთხოვე, გაჩერებულიყო, მაგრამ ჩვენს ნათქვამს არ ემორჩილებოდნენ. ამიტომ იყო, რომ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება აქციის დაშლასთან დაკავშირებით. ჩვენ პასუხისმგებლობით მოვიქეცით და დავშალეთ აქცია იმისთვის, რომ განგრძობადი აგრესიული ქმედება არ ყოფილიყო“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, აქციის მონაწილეები მშვიდობიან პროტესტს გეგმავდნენ.

„საზოგადოებამ ნახა, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო ჩვენი ღონისძიება -12 კმ-იანი მსვლელობა ცესკო-სკენ. ხელისუფლებამ სცადა, თავისი პროვოკაციური ქმედებით ხალხის მძიმეა რეაქცია გამოეწვია. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია მათი მხრიდან, წყლის ჭავლით რამდენიმე ათეული ადამიანის დაშლა, რომელიც ცესკო-სთან იმყოფებოდა, სანამ მათი ძირითადი ნაკადი მივიდოდა. ამას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. თუმცა, სამწუხაროა, რომ მათ ეს პროვოკაციული ქმედებები გააგრძელეს. დღეს ოპოზიციურ პარტიებს შორის გვქონდა კომუნიკაცია ამ საკითხზე, ასევე დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პრინციპში, ყველა თანხმდება, რომ მათ გადამეტებული ძალა გამოიყენეს. რაც მთავარია, ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ აგრესიული ქმედებები გამოეწვიათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც ხალხს დაშლისკენ მოვუწოდეთ, რათა მსგავსი პროვოკაციული ქმედებები არ გაგრძელებულიყო“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება