fbpx

გენო ადამიას ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ნათია სულავასთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი გადასცა, -ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სენაკში N 1 საჯარო სკოლას გენო ადამიას სახელი მიენიჭება.

„გენო ადამია 1992 წლის აგვისტოში 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, ამავე წლის სექტემბერში კი – ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. მის სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია. გენო ადამიასთან ერთად იბრძოდა მისი ორი ვაჟი.

გენერალი გენო ადამია , სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, 1993 წლის 28 სექტემბერს დაიღუპა. ის კელასურის ხიდთან მოკლეს, როდესაც უკან, სოხუმში შესვლას ცდილობდა. დაკრძალულია თბილისის ძმათა სასაფლაოზე.

გენო ადამიას სიკვდილის შემდეგ ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ეროვნული გმირის წოდება გენო ადამიას გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტმა მიანიჭა

გაუზიარე!

Shares