fbpx

განახლებული გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა აბსოლუტურად ყველა პირი, ვინც ციხისთავის მიერ იყო და არის ნახსენები-პროკურატურა

განახლებული გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა აბსოლუტურად ყველა პირი, ვინც ციხისთავის მიერ იყო და არის ნახსენები, – ამის შესახებ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­­ტურის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსმა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა ambebi.ge-სთან ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმდინარე გამოძეიბაზე განაცხადა.

პროკურორის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ 28 იანვარს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი ნამდვილად არ არის ახალი საქართველოს პროკურატურისთვის.

„ამგვარი შინაარსის განცხადებები მას გაკეთებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2018 წლის 18 თებერვალს, ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიის ეთერში. იმხანად ის ჯერ კიდევ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამ განცხადებაზე მოხდა მყისიერი რეაგირება და შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, 2018 წლის 2 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განახლდა გამოძიება ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიების განახლების პირველ ეტაპზე მოხდა იმ სს საქმის გამოთხოვა და დეტალური შესწავლა, რომელიც 2001 წელს სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ განახლებული გამოძიების პირველად ეტაპზე მოხდა სანაიას ოჯახის წევრების, მისი ძმის – ვახტანგ სანაიას და გიორგის მეუღლის – ხათუნა ჩხაიძის გამოკითხვა. განახლებული გამოძიება, ფაქტობრივად, სრულად მათი ჩართულობით წარიმართა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ გამოძიების შედეგებს, სს საქმის მასალებს და, რაც ყველაზე მთავარია, მათი მოსაზრებების საფუძველზე ჩატარდა არა ერთი საგამოძიებო მოქმედება”, – აცხადებს პროკურორი.

როგორც პროკურორი განმარტავს, ხურცილავამ კატეგორიულად გამორიცხა, რომ მისი მხრიდან ამ დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული შეიძლება ყოფილიყო რაიმე ვიდეოკასეტის გადაცემის გარემოებებთან.

„პირველი, რომელიც უკავშირდება გიორგი სანაიას მკვლელობის ვერსიას. ლაპარაკია ვიდეოკასეტაზე, რომელზეც თითქოსდა აღბეჭდილი უნდა ყოფილიყო მაღალჩინოსნების კავშირი ნარკოდანაშაულთან. ციხისთავის განმარტებით, სწორედ ამ ვიდეოკასეტის ფლობის გამო მოკლეს გიორგი სანაია. მეორე ნაწილი, სადაც დასახელებულნი არიან კონკრეტული პირები, რომლებიც, ციხისთავის განმარტებით, მკვლელობის მომზადებაში და მის განხორციელებაში პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მონაწილეობდნენ. განახლებული გამოძიების ფარგლებში, პირველ რიგში, გამოიკითხა გიორგი სანაიას მკვლელობისთვის მსჯავრდადებული გრიგოლ ხურცილავა, რომელმაც დაადასტურა და ფაქტობრივად გაიმეორა მისი აღიარებითი ჩვენება გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. მან კატეგორიულად გამორიცხა, რომ მისი მხრიდან ამ დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული შეიძლება ყოფილიყო რაიმე ვიდეოკასეტის გადაცემის გარემოებებთან. ასევე კასეტის თაობაზე, გამოიკითხა პანკისის ხეობაში ელენე თევდორაძის ყოფნის დროს, მასთან ერთადმყოფი ორი ჟურნალისტი და ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ სოფელ დუისში, ისევე, როგორც პანკისის ხეობაში, ელენე თევდორაძის ყოფნის დროს ისინი მუდმივად თან ახლდნენ და ერთად გადაადგილდებოდა. მათ კატეგორიულად გამორიცხეს რომელიმე სხვა პირის მხრიდან რაიმე ვიდეო კასეტის გადაცემის ფაქტი“, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ხსენებული ვიდეოკასეტა, რადგან კოტე ციხისთავი ირწმუნება, რომ კასეტა სასამართლოს არქივში ინახება, პროკურორი პასუხოს, რომ მტკიცებულებითი მნიშვნელობის ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი გახდებოდა, მოპოვებული არ არის.

“ამ კასეტის არსებობის თაობაზე გარკვეული ვერსიები, მათ შორის მედიასაშუალებებში, ჯერ კიდევ 2001 წელს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ვრცელდებოდა, თუმცა რაიმე მტკიცებულებითი მნიშვნელობის ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი გახდებოდა, ეს ვერსია სარწმუნოდ რომ მიეჩნია, მოპოვებული არ არის. უფრო მეტიც, მისი შესაძლო გადმოცემის გარემოებებიც კი არ დასტურდება“, – აცხადებს პროკურორი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ციხისთავი კონკრეტულ პირებზე, მკვლელობის დამგეგმავ-შემსრულებლებზე საუბრობს, ყველა მათგანი გამოკითხულია თუ არა, პროკურორი ამბობს, რომ ყველა გამოკითხულია.

“განახლებული გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა აბსოლუტურად ყველა პირი, ვინც მის მიერ იყო და არის ნახსენები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციურად გამოიკითხა მევლუდ (შოთა ჭიჭიაშვილი), რომელმაც ასევე კატეგორიულად გამორიცხა და უარყო რაიმე სახის შემხებლობა გიორგი სანაიას მკვლელობასთან, ან მისი მონაწილეობა მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით გამართულ რაიმე შეხვედრაზე“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება გამოკითხულ სხვა პირებს,

„ჭიჭიაშვილი გამოიკითხა უშუალოდ მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ დოზით, რა დოზითაც ციხისთავი აცხადებდა, რომ მას ჰქონდა შემხებლობა. ჭიჭიაშვილის ჩვენებით, ეს არ დასტურდება, ის ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს მკვლელობის მომზადების, თუ განხორციელების ეტაპზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას. ამ ადამიანის მონაწილეობის თაობაზე და დანაშაულებრივ ქმედებაზე საქმეში არც სხვა რაიმე მიმანიშნებელი არსებობს, გარდა კოტე ციხისთავის ჩვენებისა. ასევე, გამოიკითხა შსს-ს კახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი. როგორც ციხისთავმა საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში ისაუბრა, მკვლელობის მომზადების მიზნით გაიმართა შეხვედრა. თამაზ თამაზაშვილმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის ამგვარი შეხვედრის გამართვის ფაქტი, მით უფრო, რაიმე ფორმით მისი მონაწილეობა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში. დაიკითხა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა ბაკურაძე, რომელმაც ასევე არ დაადასტურა ციხისთავის მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია და უარყო ყოველგვარი შესაძლო მონაწილეობა ამ დანაშაულებრივ ქმედებაში. ასევე გამოიკითხა ციხისთავის ნათესავი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ზურაბ ზარდიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ სანაიას მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებით მასთან არასდროს უსაუბრია და ციხისთავს მისთვის არასდროს მიუწოდებია რაიმე ტიპის ინფორმაცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ასევე გამოიკითხა იმ პერიოდში შსს-ს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იოსებ ალავიძე, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც სანაიას მკვლელობას გარკვეულ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. მან გამოკითხვაში განმარტა, რომ ეს არის მისი პოზიცია, მოსაზრება იმ მოვლენებზე, რაც იმ პერიოდში ვითარდებოდა და მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია თავისი ვერსიის სამტკიცებლად“, – ამბობს პროკურორი.

პროკურორის თქმით, რეალურად, განახლებული გამოძიების მიზანია ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ გამოძიებასთან მიმართებით 2001 წლიდან არსებობდა, ყველა იმ ვერსიას, რაც საჯაროდ გავრცელდა, მათ შორის – ოჯახის წევრების პოზიციას, მათ მოსაზრებებს და მათ ეჭვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი.

“სწორედ იმ მიზნით დაიწყო ხელახალი გამოძიება, რომ გადამოწმებულიყო, ხომ არ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც გამოძიების მიღმა დარჩა 2001 წელს და მას არ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ვერსია – მედიასაშუალებით გავრცელებული, თუ ოჯახის მიერ მოწოდებული, გადავამოწმოთ, ჩავატაროთ აქტიური და ინტენსიური გამოძიება და ყველა ის შესაძლო სამართლებრივი ბერკეტი გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ჩავატაროთ ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რისი ჩატარებაც დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებელია, ვგულისხმობ გასულ საკმაოდ დიდ დროს ამ დანაშაულის ჩადენის შემდგომ”, – განაცხადა მან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება