fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა.
მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისში სხვადასხვა
შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ლონგინოზ
გასანოვმა და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, გიზო კორტავამ ბოლნისის N1
საბავშვო ბაღის შენობაზე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, Let’s do it
– Georgia-ს მიერ მოხატული კედელი ბაღის აღსაზრდელებთან ერთად გახსნეს,
შემდგომ კი ბავშვებს ტკბილეული გადასცეს.
მდგრადი ენერგეტიკის დღეს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში,
კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა ბავშვებისთვის
გარემოსდაცვითი თემატიკის შესახებ სპექტაკლი „კონკია“ წარადგინა. ხატვის წრის
მოსწავლეებმა ასფალტზე ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ნახატები
დახატეს. მხატვარმა ანი წამალაშვილმა კი ბავშვებს სახე მოუხატა.
ღონისძიება გამწვანების აქციით დასრულდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,
დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლების ეკო კლუბის
წევრებთან ერთად კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა ჯიშის ნერგი
დარგო.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის
,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ერთ-ერთი ხელმომწერია, სწორედ ამიტომ ჩვენ
ყოველთვის ვუერთდებით ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს. წელს
მდგრადი ენერგეტიკის დღეს სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით აღვნიშნავთ.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ეკოლოგიის, მდგრადი
ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა ჩვენ, ერთად შევძლოთ დავიცვათ
ჩვენი ბუნება და ხელი შევუშალოთ კლიმატურ ცვლილებებს“, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება