ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია          საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „გეოგლობალ აკადემიის“ პროფესიული საგანმანათლებლო ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიული განათლების მიღების, თანამედროვე და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას სთავაზობს.

ფილიალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის პარტნიორობისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსი მარიამ მეტრეველი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, „გეოგლობალ აკადემიის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ახალი საგანმანათლებლო სივრცე დაათვალიერეს და აკადემიის სასწავლო გარემოსა და საქმიანობის მიმართულებებს გაეცნენ.

შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც აკადემიის ფილიალის გახსნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქმნის.

ბოლნისის ფილიალში სწავლას 320-მდე სტუდენტი ოთხ პრიორიტეტულ პროფესიულ მიმართულებაზე შეძლებს, ესენია: საფინანსო სერვისები, საბაჟო საქმე, აღმზრდელი და ვეტერინარია. სწავლა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება, კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს მიიღებენ. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის აკადემია უზრუნველყოფს ქართული ენის გაძლიერებულ, უფასო კურსებს, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-კულტურულ ინტეგრაციასა და სამოქალაქო ჩართულობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება