fbpx

ახალ საბაგიროს შპს ,,დაგი,, ააშენებს

თბილისში რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილია.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ახალ საბაგიროს შპს დაგი ააშენებს.

ცნობისათვის, რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობაზე ტენდერი 3-ჯერ გამოცხადდა. ბოლო ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 374 362 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ – „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ და „დაგმა“ მიიღო. ყველაზე ნაკლები თანხა კომპანიამ „დაგი“ დააფიქსირა – 6 994 000 ლარი („კავკასუს როუდ პროჯექტმა“ – 7 374 362 ლარი). შესაბამისად, გამარჯვებულიც „დაგი“ გახდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულება უნდა უზრულველყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვეში.

შპს დაგი 2010 წელს დაფუძნდა. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 75% გოგი გულორდავას ეკუთვნის, 25%-იანი წილის მფლობელი კი თამარ ჩხეტიაა.

ცნობისათვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობაზე ტენდერი სამჯერ გამოაცხადა. თავდაპირველად 2020 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 401 770 ლარი იყო. თუმცა ტენდერი არ შედგა.

შემდეგი ტენდერი 2020 წლის 4 დეკემბერს გამოაცხადა, 2021 წლის 18 იანვარს განცხადებების მიღება დასრულდა. პრეტედენტი კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტი” იყო. სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია შესაბამისი გამოცდილების არქონის გამო მისცა.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს მშენებლობა თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება