fbpx

„ახალი სკოლის,, მოდელი არ გულისხმობს მასწავლებლის დასჯას, მხოლოდ მხარდაჭერას-როლანად ხოჯანაშვილი

ჩვენი სააგენტოს სტუმარია სასკოლო სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) განვითარების, დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი, რომელსაც საგანმანათლებლო საკითხებზე რამდენიმე კითხვა დავუსვით. ვეცადეთ, რომ ზოგადი განათლების რამდენიმე საჭირბოროტო საკითხზე მიგვეღო პასუხები, რომლებიც მკითხველთა ფართო წრეს აინტერესებს.

 _ დავიწყოთ დღევანდელი სიტუაციის ანალიზით. რამდენად მზად აღმოჩნდა განათლების სისტემა დისტანციური სწავლებისთვის?

_ ფაქტია, რომ საქართველომ გამოწვევას უპასუხა იმაზე კარგად, ვიდრე ამას ბევრი სპეციალისტი პროგნოზირებდა. ვგულისხმობ როგორც ტექნიკურ, ისე მეთოდიკურ მხარეს. გარდა საგანმანათლებლო ინეტრნეტ-პლატფორმებისა, მოგეხსენებათ, ტელესკოლაც ეფექტიანი აღმოჩნდა. ხარვეზები დისტანციური სწავლებისას კი არა მარტო, საკლასო ოთახშიც მოსალოდნელია ყველა დროში.

_ რა იყო იმის საფუძველი, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემა გაუმკლავდა პრობლემებს კოვიდ 19-ის პირობებში?

ჯერ ერთი, სახელმწიფო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროიდან ახორციელებდა სკოლებისა და მოსწავლეების ტექნოლოგიურ აღჭურვას, მასწავლებელთა ინტენსიურ გადამზადებას. ასევე, რამდენიმე წლის წინ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს აქვთ ვალდებულება, საჭიროებისამებრ, დისტანციურადაც განახორციელონ სწავლება. ამას დაემატა მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელმაც ორგანულად ჩააშენა ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

_ შეგიძლიათ, დაგვისახელოთ რომელიმე ისეთი პრობლემა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გვხვდება? _ არსებობს ტერმინი „თრექინგი“, რაც გულისხმობს მოსწავლეთა დაყოფას სხვადასხვა ჯგუფებად მათი აკადემიური შესაძლებლობების მიხედვით, რაც კიდევ უფრო  უწყობდა ხელს უთანასწორობის ზრდას. ასევე, ბევრ წარმატებულ ქვეყანაში მშობელთა ნაწილი იძულებულია, შვილები გაუშვან სპეციალიზირებულ სკოლაში, ან არასავალდებულო საგანმანათლებლო სკოლაში, რომელთა

დასრულების მერე უმაღლესი განათლების მიღების უფლება იზღუდება. რამდენიმე პრობლემის დასახელება კიდევ შეიძლება, თუნდაც, საგანმანათლებლო სექტორში არასწორი მეთოდიკა, არც თუ ისე იშვიათად ადამიანური რესურსების დაბალი კვალიფიკაცია, დემოტივაცია და სხვანი. საქართველოც, ბუნებრივია, ვერ იქნება ბედნიერი გამონაკლისი…

_ „ ახალი სკოლის მოდელი“ ახსენეთ. რას გვეტყვით მის შესახებ?

_ წვრილმანებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის დასავლურ საგანმანათლებლო საუკეთესო გამოცდილებას დამატებული ქართველი მეცნიერების მიღწევები. გარდა უზნაძისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის თანამშრომლების კოლოსალური შრომა. „ახალი სკოლის მოდელმა“ გაითვალისწინა ბევრი ხარვეზი, რომელიც დასავლეთმა წინასწარ ვერ გათვალა…

_ სამაგალითოდ, რომელიმე ქვეყანას დაასახელებთ?

ავსტრიაში, როცა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაისვა საკითხი, რომ რაღაც ახალი იყო საჭირო, დაიწყეს რეფორმა. რეფორმის გატარების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სასწავლო პროცესის თანასწორობისა და სრულყოფის ხელშეწყობა. ამისთვის ბოლო წლებში დაახლოებით 250 მილიონ ევრომდე იხარჯება, თუმცა მომავალ წელსაც კიდევ ფიქრობენ, რომ მოდერნიზაცია გააგრძელონ. საქართველო ამას ახერხებს მიზერულ თანხებში (შედარებაც არ შეიძლება ბიუჯეტურად!) და სავარაუდოდ, 2024 წელს უკვე დასრულებული იქნება ეს რეფორმა!

_ და როგორ დაასრულებს? ეს მთავარია. გვახსოვს, რომ ბევრი რეფორმა დავიწყეთ და შედეგი არასახარბიელო იყო…

_ ამჟამად საქართველო იმ პრინციპებს იყენებს, რომელიც ეფექტიანია. მთავარია, არ შევჩერდეთ და სიახლეების მისაღებად მოვამზადოთ მასწავლებლები. სკეპტიციზმის დასამარცხებლად ქოუჩინგის მეთოდოლოგიით ვიბრძვით და სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა დავიწყეთ, ყველგან ბევრად უკეთესი შედეგები გვაქვს, ვიდრე ეს კრიტიკულად  განწყობილ ოპონენტებს მიაჩნდათ.

_ ოპონირებას ვინ უწევს ამ პროექტს?

_ ვერ გეტყვით, ვინ არიან ისინი. არ მქონია მათთან შეხება. ამბობენ, რომ არიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. მეც და ჩემს კოლეგებს გვაქვს უამრავი ფაქტობრივი შედეგი, რომლითაც ოპონენტებს ვაჩვენებთ „ახალი სკოლის მოდელის“ ეფექტს.

_ და მაინც, რა განსაკუთრებულობით გამოირჩევა ეს „მოდელი“? _ გადავდივართ ე.წ. ცნებათა პედაგოგიკაზე. ყველა საგანში არის ცნება (ან ცნებები), რომლებიც არის სწავლების გრძელვადიანი მიზნები. ამ მიზნებამდე მისვლას ხელს უწყობს კომპლექსური დავალება, საკვანძო შეკითხვა (შეკითხვები), საკითხები და თემები, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება. კომპლექსური დავალება ისეთი ტიპის დავალებაა, რომელშიც ჩანს სამივე ტიპის ცოდნაზე (დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული) ორიენტირი. სწორედ კარგად შერჩეული კომპლექსური დავალება არის მოტივატორი, ბავშვმა არ შეწყვიტოს კონსტრუქციული განვითარება. ზოგადად, „ახალი სკოლის

მოდელს“ ძალიან ბევრი გამორჩეულობა ახასიათებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბავშვისთვის სკოლა აღარაა რუტინული შენობა, სადაც რევიზიას უტარებენ მის ცოდნას, არამედ _ მოსწავლე აღიარებულია და ხელშეწყობილია პროგრესირებისათვის.

 _ გამოდის, რომ მასწავლებლის როლი იზრდება.

_ მასწავლებელი სწავლა-სწავლებაში გადამწყვეტი ფიგურაა. კარგი მასწავლებელი არაა დიდაქტიკოსი. ის მხოლოდ ლერნდიზაინს მართავს, მოდერატორია და მოსწავლეში ავითარებს სწავლის სწავლას… მასწავლებელმა უნდა ასწავლოს, როგორ ისწავლოს, გაუჩინოს მოტივაცია და უჩვენოს ოპტიმალური გზები!

მასწავლებლებისთვის შექმნეს ახალი როლი, ახალი ფუნქცია, რომელსაც ეწოდება ლერნდიზაინერი (Lerndesigner).  

_ რახან ქოუჩინგი ახსენეთ, ე.ი. თქვენ არ ატრენიგებთ მასწავლებლებს… _ სკოლებში შესულია მხარდამჭერთა გუნდები, რომლებიც ყველა პრობლემის გადასაწყვეტად ეხმარებიან პედაგოგებს.

„ახალი სკოლის მოდელი“ არ გულისხმობს მასწავლებლის წახალისებასა და დასჯას. მხოლოდ მხარდაჭერას!

_ კონსტრუქტივიზმში რა იგულისხმება?

_ ადრე ამბობდნენ, რომ მოსწავლე არის „ტაბულა რაზა“, ანუ სუფთა დაფა, რომელზეც მასწავლებლებმა ინფორმაცია უნდა „წერონ“. არა და გინახავთ ბავშვი, რომელმაც არაფერი იცის? სწორედ იმ ცოდნაზე უნდა დავაშენოთ და დავაშენებინოთ ახალი ცოდნა ბავშვს… ესაა კონსტრუქტივიზმი. თუ ჩვენ ბავშვს მე-19 საუკუნის პედაგოგიკით არ შევზღუდავთ, ვნახავთ, რომ სოციალური და პიროვნული კონსტრუქტივიზმი სწრაფად დაიძვრება და მივიღებთ კონკურენტუნარიან თაობებს!

_ რას ურჩევთ ქართველ პედაგოგებს? _ ამ გადმოსახედიდან მხოლოდ იმას, რომ არ შეწყვიტონ ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარება, თანამშრომლობა ან ჯგუფური განვითარება! ვხედავთ, რომ დაბალანაზღაურებადი პედაგოგებისთვის უკვე მეტი დაფასება წამოვიდა. არ მახსენდება, ასე ღირსეულად გაესტუმრებინოთ ხანდაზმული პედაგოგები სამსახურიდან, ან კიდევ ხელფასი

ყოფილიყოს ასეთი… ბუნებრივია, საკმარისი არაა, მაგრამ პერსპექტივა დიდია!

_ თქვენი ხელმძღვანელობით საჩხერის ერთ სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ ხორციელდება, რა გამოიკვეთა რეფორმის შედეგად? _ გადამეტების გარეშე გეტყვით, რომ ჩემს გუნდში არაჩვეულებრივი ასისტენტი და ტექნოლოგიების ექსპერტია, რომელთა გარეშე ბევრს ვერაფერს მივაღწევდი. საჩხერის N1 სკოლა მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი სკოლაა და გარდა ქოუჩინგ-ჯგუფისა, ძალიან შემიწყო ხელი სკოლის ადმინისტრაციამ. თუ გინდათ ნახოთ, როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის სკოლის დირექტორი, მაშინ უნდა მიხვიდეთ ამ სკოლაში. და მხარდამჭერი გუნდის ხელმძღვანელი მე კი არა, არამედ სკოლის დირექტორია. ირმა კაპანაძე არის ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვან წილად განსაზღვრა სკოლის წარმატება. არ შეიძლება, არ ვახსენო საუცხოო პედაგოგები, რომლებიც ამ სკოლაში არიან. ზემოთ აღვნიშნეთ ოპონენტებზე. თუ კიდევ აქვს რამე სათქმელი და კრიტიკული მიდგომა ამ რეფორმისადმი, ნახონ ამ სკოლაში ფაქტები და

დარწმუნდებიან, რომ ცდებიან. „ახალი სკოლის მოდელმა“, შემიძლია ვთქვა, რომ ჩამოაყალიბა სწავლისა და სწავლების ახალი კულტურა, გააუმჯობესა აკადემიური მოსწრება, გახდა უფრო მოქნილი სისტემა, სასწავლო პროცესი გახალისდა, სუბორდინაციას ცაენაცვლა კოორდინაცია, პროფესიულადაც წინ წავიდნენ პედაგოგები, მეტად იგრძნობა ავტონომიურობა და სასკოლო-სასწავლო კლიმატის გაუმჯობესება. აქვე დავამატებ, რომ ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხისმეგებელი ვარ!

_ შესაძლოა, რომ ეს რეფორმა შეფერხდეს?

_ ამ ეტაპზე არ ჩანს ხელის შემშლელი ფაქტორები. დამერწმუნეთ, თუ ჩვენ ასე გავაგრძელეთ, ქართული განათლება მძლავრი ნაბიჯებით წავა წინ…

ნინო ჯღარკავა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება