თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის
გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობისთვის.
ახალი „თავდაცვის კოდექსით“:
იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა;
ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები;
იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობისთვის.
ახალი კოდექსით:
ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს
თავდაცვის ძალებში;
ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატოს სტანდარტებით
წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო;
ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და
შემდგომ წვრთნებს;
არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება.
ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების
პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური
მოხდილად ჩაეთვლებათ:
თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში,
მომდევნო 4 წელი;
ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ
შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის
მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური
ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;
ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ
ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში
წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა
ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით
სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები:
აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური
ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით.
ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი
სამსახურის დაფასების მიზნით:
თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის,
ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი
ფართების (ბინების) მშენებლობა;
სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით,
საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული
სოციალური პირობებით.