ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა შერმადინი: ახალგორში 2008 წელს ტყვიაც კი არ გავარდნილა – ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით, ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო, მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, შემოვიდოდნენ თუ არა ხეობაში რუსები

ჩვენთან, ახალგორში შემოვიდნენ როგორც მოგეხსენებათ ზაფხულის პერიოდში და ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, შემოვიდოდნენ თუ არა ხეობაში რუსები, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, – ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გელა შერმადინმა, რომელიც 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალგორში არანაირი საბრძოლო მოქმედება არ განვითარებულა და იქ ტყვიაც კი არ გავარდნილა 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას. როგორც შერმადინი იხსენებს, ზაფხულის პერიოდში ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით და მოსახლეობაში ქაოსური მდგომარეობა იყო, ვინაიდან, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. „ჩვენთან, [ახალგორში] არანაირი საბრძოლო მოქმედება არ განვითარებულა, ტყვიაც კი არ გავარდნილა, არანაირი კონფლიქტი ოსსა და ქართველს შორის იქ არ მომხდარა და არც რაიმე სამხედრო დანაყოფი იყო იქ შემოსული. უბრალოდ, 9-10 აგვისტოს შემოვიდნენ ჩვენი სამხედრო დანაყოფები შენობაში მოსახლეობის დაცვის მიზნით, რომ ვიღაცები მაინც მთებიდან არ გადმოსულიყვნენ. ფაქტობრივად, ახალგორში შემოსასვლელი გზა არ იყო რომ ტრანსპორტით შემოსულიყვნენ, ერთადერთი გზა იყო ე.წ. ზაყორის ხეობიდან, ყანჩავეთის მხრიდან, საიდანაც მაღალი გამავლობის მანქანები გადმოდიოდნენ, სხვანაირად, პატარა მანქანებით კი არა, ტანკები და “ბეტეერები” ვერ გადმოიყვანეს. ჩვენთან, ახალგორში შემოვიდნენ როგორც მოგეხსენებათ ზაფხულის პერიოდში და ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, შემოვიდოდნენ თუ არა ხეობაში რუსები, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ამ პანიკურ სიტუაციაში მოსახლეობა, ერთი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, 8-დან 15 აგვისტომდე, ღამე გადიოდნენ ტყეებში და მინდვრებში, გაჰყავდათ მოხუცები და ბავშვები და იქ აფარებდნენ თავს, რომ ღამე უცებ არ შემოსულიყვნენ [რუსები].“ – განაცხადა გელა შერმადინმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება