fbpx

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: ხალხი უყურებს იმავე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა – ყველა ესენი არიან ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ , რომლის კლონირების პროცესსაც თვალს ვადევნებთ

ოპოზიციაში არის ძალიან დიდი ინფლაცია. ჯერ რომ შეხედოთ, რამდენი გამარჯვებული პარტია ჰყავთ, მარტო მაგით მიხვდებით რომ ინფლაცია აქვთ. ყველა ამბობს, რომ პირველ ადგილზე ვარ გასულიო, არჩევნებამდე 8-9 თვით ადრე, ყველა ამბობს, რომ კოალიციას ჩემთან ვინ შექმნის, მე უნდა ავირჩიოო, ყველა ამბობს რომ ჩემი ლიდერი ყველაზე მაგარი ლიდერიაო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიციურ ფლანგზე ხალხი უყურებს ერთსა და იმავე ადამიანებს, რისი მაგალითიც გვარამია-მელიას გაერთიანებაა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რის გამოც, არის მცდელობა, მოხდეს მისი კლონირება და „ნაცმოძრაობიდან“ წასული ადამიანებისგან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა.

„შეიქმნა გვარამია-მელიას პარტია, “ახალი” დაარქვეს. რეალურად მაგ პარტიას უნდა ერქვას “რომელი რომელია”, იმიტომ რომ ხალხი უყურებს იგივე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა და ვისი საქმეებიც დღემდე სასამართლოს ვერ დაუმთავრებია, გინდა საერთაშორისოს და გინდა ადგილობრივს, იმდენი დარღვევები და დანაშაულები მოჰყვებათ ამათ. მართლა ვერ გაიგებ რომელი რომელია, ყველა ესენი არიან ერთი – „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა უბრალოდ თვალს ვადევნებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონირების პროცესს. ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, დაშლილია და ამ გაქცეულ ხალხს, ვინც ზოგჯერ მედიას, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ზოგჯერ სხვა ქვეყნებს აფარებდა თავს, აგურ-აგურ, 1 და 2%-იანი აგურები გააქვთ ამ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რას აშენებენ, თვითონაც არ იციან. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვეხმარება მათი ასეთი დაშლა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმიტომ რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, არის 5%იანი ბარიერი, რასაც საქართველო გადაჰყავს უფრო სტაბილურ პოლიტიკაზე, უფრო ძლიერ პარტიულ პოლიტიკაზე, სადაც არასტაბილური, უშინაარსო, მერყევი პარტიები ვეღარ მიიღებენ ხალხისგან მანდატს.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება