fbpx

არასწორი გზავნილია, რომ ვინმეს აგენტად გამოცხადებას ვაპირებთ – სოციალური, სადაზღვევო ან სარეკლამო აგენტები ჯაშუშები არიან? აშშ-ში და ევროპარლამენტში ეს ტერმინი ბუნებრივია და „მეორედ მოსვლას“ მხოლოდ აქ იწვევს?

არასამთავრობო სექტორში თუ გამჭვირვალობის კუთხით ხარვეზი არ არის, ამ კანონში პრობლემა რატომ დაინახეს?, – ამის შესახებ გადაცემა „დღის თემაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის განმარტებით, მოძრაობამ ამერიკაში დღეს მოქმედი კანონი აიღო დასაინიიცირებლად, შესაბამისად, არგუმენტი, რომ ის 1938 წელს არის შექმნილი და უმოქმედოა, მცდარია.

„ჩვენ უცხოური აგენტების რეესტრის შესახებ ამერიკაში დღეს მოქმედი კანონი ავიღეთ, რომლითაც, სულ რამდენიმე წელში, ექვსი თუ შვიდი ადამიანია დაპატიმრებული. ვინც ამბობს, რომ ეს კანონი 1938 წელს არის მიღებული და უმოქმედოაო, თუ არ იყენებენ, ეს ხალხი როგორ დააპატიმრეს? ასე, ამერიკაში კონსტიტუცია 200 წლის წინ არის მიღებული – რა ვქნათ ამიტომ, ამერიკელებს კონსტიტუცია დავუწუნოთ?
მაგალითად, დღევანდელი ქართული კანონმდებლობით, ნებისმიერი გადამხდელი საკუთარ დეკლარაციას თვითონ აქვეყნებს – შემოსავლების სამსახურს სპეციალური გვერდი აქვს, სადაც თავიანთი ფინანსური ანგარიშგებით რეესტრში რეგისტრირდებიან. ეს ხდება აქაც, მეტი კი არაფერი – საიდან და რამდენით ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, ამაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ – ამერიკის კანონმდებლობაა ეს და იქ, ამერიკაში თუ საჭიროა ეს კანონპროექტი, აქ რა პრობლემას ხედავენ? “ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ტერმინ „აგენტთან“ დაკავშირებით არასწორი აღქმა შეიქმნა და კანონი ვინმეს აგენტად გამოცხადებას არ ითვალისწინებს.

„არასწორი გზავნილია, როცა ამბობენ, რომ ვინმეს აგენტად გამოცხადებას ვაპირებთ. აქ ჯაშუშობაზე არ არის საუბარი. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური აგენტები, რომლებიც ოჯახებში დადიან და მათ მდგომარეობას აღწერენ, ან თუნდაც, სადაზღვევო ან სარეკლამო აგენტები, ჯაშუშები არიან? საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება არანაირ კავშირში არ არის სხვა ქვეყნის აგენტის სტატუსთან, რომელიც შესაბამისი უწყებების საქმეა. აქ აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი.

მაინტერესებს, ამერიკის კანონში, სადაც პირდაპირ წერია „foregin agent“, ან ევროპარლამენტში, სადაც უკვე დააანონსეს, რომ უცხოური აგენტების რეესტრი უნდა შემოვიღოთო, იქ სიტყვა – „აგენტი“ ბუნებრივია და სტიგმატიზაციას და „მეორედ მოსვლას“ მხოლოდ აქ იწვევს?“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პოლიტიკოსმა გადაცემაში იმ კონტრარგუმენტსაც უპასუხა, რასაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი ასახელებს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონი შესაძლოა სამომავლოდ გამკაცრდეს.

„ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ ეს კანონი დღეს შეიძლება მკაცრი არ არის, მაგრამ მომავალში შეიძლება შეიცვალოსო – ამით რას ამბობენ, რომ რაიმე კანონის სამომავლოდ გამკაცრების შიშით, ზოგადად, კანონი საერთოდ არ უნდა მივიღოთ? დღეს ჩვენ ვსაუბრობთ „ხალხის ძალის “ მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომელიც რუსულ და ამერიკულ კანონზე ბევრად ლმობიერია და რომელზეც საწინააღმდეგო არგუმენტი ვერავინ მოძებნა და ვერავინ თქვა, რატომ არის ის ანტიკონსტიტუციური, ან – ანტიდემოკრატიული. ამიტომ, „რუსული კანონპროექტი“ დაარქვეს, როგორც ყველა სხვა საკითხში იქცევიან, როდესაც არგუმენტი არ აქვთ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დავაინიციიროთ მეორე კანონი, რომელიც პირდაპირ, ერთი-ერთში ამერიკული კანონიდან გადმოითარგმნება და რომელიც ბევრად მკაცრია. საინტერესოა, ამაზე რას იტყვიან ამერიკელები და ევროპელები – აქაურმა რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის ეს კანონი უკვე დაიწუნა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება