fbpx

არასდროს არ ყოფილა საქართველო ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს და ეს არის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება

საქართველოს ჰყავს გმირი ხელისუფლება, ახლა ქართველი
ხალხის, ქართული საზოგადოების გმირობის დროა!

ვახტანგ ხარჩილავა

ხშირად გაიგონებთ, საქართველო დამოუკიდებელი არ არის, საქართველო კოლონიააო.
ვთქვათ, საქართველო კოლონიაა, მაგრამ, საინტერესოა, ვისი კოლონიაა ის.
თუ საქართველო კოლონიაა, ვინმესი უნდა იყოს და იმ ვიღაცის პატრონაჟის ქვეშ უნდა არსებობდეს.
ბოლო წლებში საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკაში ამერიკის როლი სჭარბობს და აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ჩვენ ვართ ამერიკის კოლონია, მაგრამ, როგორ შეიძლება ამერიკის კოლონია ვიყოთ, თუ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია.
ანდა, როგორ შეიძლება ევროკავშირის კოლონია ვიყოთ, როცა ჩვენი ქვეყანა ცდილობს შევიდეს ევროკავშირის შემადგენლობაში და მივისწარფვით მისკენ?!
რუსეთის კოლონია რომ ვიყოთ, რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას კი არ მოახდენდა, არამედ, კოლონიზირებული ვიქნებოდით და მორჩა.
კოლონიას თავისი უპირატესობები აქვს და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არც ამ კრიტერიუმებში ჯდება.
საქმე ისაა, რომ ჩვენ, სინამდვილეში, არავითარი კოლონია არ ვართ, ჩვენ გახლავართ ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქვია.
მაგრამ თუ დამოუკიდებლები ვართ, რატომღა ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის?
დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც მოიპოვებ, იმ დღიდან დამოუკიდებელი ხარ, შეგიძლია მხარ-თეძოზე წამოკოტრიალდე და დამოუკიდებლობით დატკბე. ასე ეს არაა. დამოუკიდებლობა განუწყვეტელი პროცესია, ისეთი მდგომარეობაა, რომელიც არ წყდება და არ მთავრდება. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ყოველდღე უნდა მოიპოვო და ყოველდღე უნდა იბრძოლო მისი შენარჩუნებისთვის და სიმტკიცისთვის.
გაგიკვირდებათ და, ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა საქართველო ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს და ეს არის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება.
თავმოყვარე პოზიციამ, დამოუკიდებლობის შეუდრეკელმა დაცვამ, იმის განცხადებამ, რომ ვერავინ გვიკარნახებს მოქმედებების გეგმას და მოდი, სიმართლე ვთქვათ, დღევანდელი მთავრობის თავდადებამ და თავგანწირვამ, გადაარჩინა საქართველო იმ ძალიან დიდ უბედურებას, რომლისკენაც გვიბიძგებდნენ, დაგვიფარა სისხლისმღვრელი ომისგან, რომლისგანაც საქართველოში ქვა ქვაზე არ დარჩებოდა.
დიახ, ამ კრიტიკულ ვითარებაში კონკრეტული და ვაჟკაცური ნაბიჯები გადადგა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მასთან ერთად მისმა გუნდმა და ჩვენმა სახელმწიფომ მრავალი მხრიდან მომდინარე უდიდეს წნეხსა და ზეწოლას, განსაცდელსა და შემოტევას გაუძლო: ჩვენ გვიტევდა ევროპა, როგორც ირკვევა, სტრატეგიული პარტნიორი აშშ და გვაიძულებდნენ, რომ ჩავრთულიყავით რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ჯერჯერობით ჩვენ გადავრჩით და ქართველი ხალხი კარგად ხედავს ამას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დიდებულ ქართველ ხალხში ვიღაცა ვერ ხედავს ქართველ ხალხს, ვიღაც ვერ ამჩნევს, ვინც არის და რასაც წარმოადგენს იგი.
ორაზროვნად რომ არ გამომივიდეს, პირდაპირ ვიტყვი: მაგალითად, აშშ-ის ელჩი, ქალბატონი დეგნანი, ამ საბედისწერო პროცესებში, სამწუხაროდ, ვერ ამჩნევს ქართველ ხალხს. სამაგიეროდ, ის ხედავს ქართველი ხალხის მცირე ნაწილს, ანგაჟირებულ, მერკანტილური ინტერესებით შემოზღუდულ პოლიტიკურ ჯგუფებს და ამ ჯგუფებს ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი იყვნენ სრულიად ქართველი ხალხი.
სინამდვილეში, ქართველი ხალხის უმრავლესობა სულ სხვა მისწრაფებებისაა და კატეგორიული წინააღმდეგია ომის და კონფრონტაციის, მას აქვს კარგი ისტორიული მეხსიერება, მწარე გამოცდილება და მშვენივრად იცის, რომ ყოველივე ეს კატასტროფით დამთავრდება.
დღევანდელი მთავრობა ქართველი ხალხის ნაწილია. მას ესმის ჩვენი ხმა. სწორედ ხალხის სურვილი გაითვალიწინა მთავრობამ და დიდი გმირობის, დიდი თავგანწირვის, პასუხისმგებლობისა და რისკის ფასად არ ჩართო ქვეყანა ომში…
დღეს 31 აგვისტოა. დგება 2022 წლის შემოდგომა და ჩვენს ე.წ. მეგობრებს, როგორც ჩანს, კვლავ არ გადაუფიქრებიათ, ჩაგვითრიონ რუსეთ-უკრაინის დაუსრულებელ კონფრონტაციაში, რომელმაც თვით უკრაინას დიდი უბედურება მოუტანა.
ამ ომში ჩართვის მცდელობის გაგრძელება იქნება შემოდგომაზე მოსალოდნელი პროცესები _ გამოყრიან ქუჩებში ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ილაპარაკებენ ქართველი ხალხის სახელით, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპაში და საქართველოს ხელისუფლება აბრკოლებს მათ.
თავიდან ბოლომდე დემაგოგიაა ასეთი მსჯელობა და პროვოკაცია გახლავთ იმის მტკიცება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, თუმცა დაგვიდეს 12-პუნქტიანი ულტიმატუმი, _ კორუმპირებული და ოლიგარქიულია თქვენი მმართველობაო, მაშინ, როცა, ყველასთვის ცნობილია, როგორი კორუმპირებულია უკრაინის ხელისუფლება, როგორ ყურყუმალაობს კორუფციის ჭაობში მოლდოვა. არც სხვაგანაა უკეთესი მდგომარეობა.
რა ვქნათ ჩვენ, როცა ე.წ. მეგობრობის მთელი ისტორია ამერიკასთან და დასავლეთთან მხოლოდ მათი ინტერესების გათვალისწინებაზეა დამყარებული, როცა არასდროს ცდილობდნენენ დაგვდგომოდნენ გვერდით ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც კი, არც რუსული აგრესიის დროს და არც მოსალოდნელი საომარი კონფლიქტებისას?
გასაგებია, რომ რუსეთი აგრესორია და ოკუპანტი, მაგრამ ამის აღიარებით საქართველომ რა მოიგო დაკარგული ტერიტორიების და დახოცილი თანამემამულეების გარდა?
ათეული წლებია ვითომდა ნატოში შევდივართ, მაგრამ არავინ შეგვაწია ერთი კეთილი სიტყვაც კი და ცინიზმის იქით დღემდე ვერ წავიდა საქმე.
მობრძანდით, ნატოს კარები ღიაა, ხვალ თუ არა, ზეგ მიგიღებთ, თქვენ დაგველოდეთო, ამ დაპირებებში დავკარგეთ ქვეყნის 20%, ამ დაპირებებში გადის წლები და საქართველო ისევ ობოლი ბავშვივით გზაჯვარედინზე დგას მოკავშირის მოლოდინში.
ამერიკა-ევროპამ ჩვენთან მიმართებაში აირჩია აშკარად არასწორი, არამეგობრული ურთიეთობების ფორმები და ბოლოს და ბოლოს გაირკვა, რომ ამ პატარა ქვეყნისგან „ვეშაპებს“ არაფერი აინტერესებთ, გარდა იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საზარბაზნე ხორცად გამოგვიყენონ.
ამისთვის ვჭირდებოდით მაშინაც, როცა მეგობრობას გვეფიცებოდნენ, ამისთვის ვჭირდებოდით ევროინტეგრაციას რომ გვთავაზობდნენ, ამისთვის ვჭირდებოდით ნატოს კარი ღიააო, რომ გვაქეზებდნენ.
განა შეიძლება ქვეყნის მეგობარი იყო და ცდილობდე, „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში. „ნაცმოძრაობა“ _ კრიმინალური, დამნაშავე ელემენტების ორგანიზაცია, რომელთაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი საქართველოში…
წარმოიდგინეთ, როგორ არ უნდა სცემდე პატივს შენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, ამას რომ აძალებდე და ამ ძალდატანებას დემოკრატიის საფარველით ფუთავდე. როგორი ცინიზმით უნდა იყო განწყობილი „სტრატეგიული მეგობრისადმი“, რომ აძალებდე, ადგეს და წავიდეს არსებული ხელისუფლება და მოვიდეს ის ძალა, რომელიც საშინელი კოშმარივით ახსოვს ქართველ ხალხს და რომელიც 9 წელიწადი სისხლს სწოვდა, მორალურად და ფიზიკურად ანადგურებდა.
ამ უბედურებაგადატანილ ქვეყანას იმის მაგივრად, რომ დემოკრატი მეგობრების რეკომენდაცვიები მალამოსავით ეფინებოდეს, ჩვენი გადაწყვეტილებებიდან რაიმე მათთვის ხელსაყრელი და სასარგებლო თუ არაა, იწყება გნიასი და ერთი ამბავი ამერიკის კონგრესსა თუ ევროპარლამენტში. წლების განმავლობაში იწერებოდა და იგზავნებოდა საქართველოს ხელისუფლებისადმი პეტიციები და საჩივრები _ არადემოკრატულია „ქართული ოცნება“, პოლიტპატიმრები ჰყავსო. ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ წაქეზებული და გათავხედებული ნიკა მელია პარლამენტში შეიჭრა და როცა კანონის დაცვით დაიჭირეს, ევროპარლამენტარებმა გირაოც გადაუხადეს.
ამ „ქვაბში“ ვიხარშებით, თორემ ცოტა შორიდან რომ შევხედოთ, შესაცოდ დღეშია საქართველო, რადგან მყარი მხარდაჭერა აქვთ ქვეყნის შიგნით მყოფ ჩვენს დაუძინებელ მტრებს…
მელიასა და მისნაირების მხარდაჭერასა და წაქეზებაში არაა არც ერთი მარცვალი, რითაც შეიძლება ევროპარლამენტარების მოქმედებები გაამართლო. ქვეყნის კანონმდებლობას რომ ასეთ რამეს უკეთებ, როგორ შეიძლება იმ ქვეყნის მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და თავისთავადობა, მაგრამ ევროპა-ამერიკა მეგობრები რომ გვეგონა, რომ გვეიმედებოდნენ დამოუკიდებობის გზაზე დაგვეხმარებიანო, პირიქით აღმოჩნდა: ძირს გვითხრიან და საჭიროების შემთხვევაში ვჭირდებით, როგორც ძალა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
და დადგა ეს დროც: ჩვენ რუსეთს უნდა შეგვწირონ მსხვერპლად.
მაგრამ რას გვარგებს ჩვენ ეს მსხვერპლშეწირვა და რას მოგვიტანს ის ნგრევისა და განადგურების გარდა? პასუხი ერთია _ არაფერს. ჯობს, სამუდამოდ მოვიმდუროთ აშშ და ევროპა, ვიდრე ამაზე წავიდეთ, რადგან ეს სიკვდილია, დაღუპვაა და თავი რომ გადავირჩინოთ, ძალიან მყარად და მტკიცედ უნდა დავდგეთ დღევანდელი მთავრობის გვერდით. ჩვენ ვწყვეტთ დღეს ჩვენს ბედს. სხვა, უფრო რეალური ძალა ჩვენს გადასარჩენად არ არსებობს. ახლა საჭიროა, ძლიერი წინააღმდეგობის ჯგუფი. ლაპარაკი არაა არჩევნებზე _ ვინმე ან მოვიდეს ან წავიდეს, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს დღეს ჰყავს მთავრობა, რომელიც ხალხის მხარეს, ეროვნული ინტერესების მხარეს დგას და რისკავს ყველაფერს, საკუთარ არსებობასაც კი.
დღევანდელი ხელისუფლება ისეთ ძალებთან არის დატაკებული, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ თვალის დაუხამხამებლად გაანადგურონ მთელი ქვეყანა, გაანადგურონ არა მხოლოდ ხალხი, მოსახლეობა, არამედ მთავრობის წევრებიც თავიანთი სახლეულებით.
პრემიერ-მინისტრსაც ჰყავს ოჯახი და შვილები, მმართველი გუნდის წევრებსაც, მათაც უნდათ მშვიდი ცხოვრება, შეუძლიათ კიდევაც ასე იცხოვრონ და განსაცდელში თავი არ ჩაიგდონ, მაგრამ როგორც დავინახეთ, ამ მძიმე ვითარებაში ყველა დადგა ძალიან მტკიცედ _ ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, სხვები, ისე მოიქცნენ, რომ ბევრი ჩვენგანი მათგან ასეთ თავდადებას არც მოველოდით.
ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მყარად და მტკიცედ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, სიმართლე უნდა ითქვას, ყველაფერი გარისკა. მართლია, პოლიტიკაში არ ერევა, არც ახლა ჩარეულა, მაგრამ, როცა მიადგნენ ანგარიშის გასასწორებლად, უკან არ დაიხია და საბოლოოდ დაამარცხა საფინანსო კომპანია „კრედიტ სუისი“.
დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, მაგრამ რას გვთავაზობენ ისინი? ლგბტ თეორიას? ამას გვთავაზობენ იდეოლოგიად. რაც არ არის ჩვენს მენატალიტეტში, ჩვენს სულში, იმას გვთავაზობენ _ გეიპარადს და ლგბტ ფილოსოფიას.
ჩვენ სხვა ყაიდაზე მოწყობილი ერი ვართ და თუ მეგობრები არიან, პატივი უნდა სცენ ჩვენს რწმენას და ტრადიციებს.
რაც შეეხება რუსეთს, ის აგრესორია, მაგრამ მასაც აქვს თავისი წილი სიმართლე. თუ ვინმეს პუტინის პოლიტიკა ან თავად პუტინი არ მოსწონს, რას ერჩის რუს ხალხს. ეს ხომ წმინდა წყლის ფაშიზმია. გერმანია რომ ებრაელებს ხოცავდა, ის თუ იყო რასიზმი და ფაშიზმი, ახლა რა კამპანიაც მიმდინარეობს რუსეთის და რუსების წინააღმდეგ, ეს არ არის ფაშიზმი?
რუსი ტურისტები შემოდიანო, წუხან, მაგრამ იმაზე თანახმა არიან, დიდძალი ფული შემოვიდეს რუსეთიდან, არც იმაზე ლაპარაკობენ, ყველაზე მეტი ქართველი რომ ცხოვრობს რუსეთში.
რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან თბილისში ტურისტები, ჩემი დის შვილიშვილები, არაჩვეულებრივი ქართველი ვაჟკაცები მეწვივნენ _ . კარგი იყო რუსეთში ცხოვრება, მაგრამ ახლა ძალიან გაჭირდა, არასტაბილური სიტუაციაა და საქართველოში გვინდა დაბრუნებაო, მითხრეს.
ჩემი დის შვილიშვილები დღეს საქართველოში არიან ტურისტები და ეს „ტურისტები“ თურმე საქართველოში არ უნდა შემოუშვა. სინამდვილეში, ეს ახალგაზრდები ტურისტები კი არა საქართველოს შვილები არიან, ქართველები და ქართველების შთამომავლები.
საუბარში აღმოჩნდა, რომ ჩემი დის შვილიშვილები საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას აპირებენ _ პატარა ბიზნესები გვაქვს, აქ გადმოვიტანთ და ოჯახით ჩვენს სამშობლოში გადმოვალთო. ბევრი ფიქრობს ჩვენნაირადო და არა მხოლოდ ქართველები, არამედ რუსებიცო, მათაც უნდათ წამოსვლა საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საწარმოებლადო.
ამერიკა არის, ევროპა თუ ვინც უნდა იყოს, გასაგებია, რომ რუსეთის დასაუძლურებლად იბრძვის, და აი, შანსიც, გამოაცალონ მას საქმიანი, გონიერი ახალგაზრდობა.
ვინ ვინ და შესანიშნავად ხვდებოდა ამას „ნაცმოძრაობა“ და შამპანური ღვინოებით ხვდებოდა 2008 წლის ომის შემდეგ რუს ტურისტებს. სააკაშვილმა იცოდა, რომ ეს იქნებოდა საქართველოსთვის მომგებიანი და მაშინ თუ იყო კარგი, როგორ შეიძლება ახლა ცუდი იყოს. ვინც აქეთკენ უბიძგებს ქვეყანას, ის არის მავნებელი. ქართველია თუ არაქართველი, პოლიტიკოსია, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვინც ტურისტებს გზას უღობავს საქართველოსკენ, არის საქართველოს პირდაპირი მტერი.
ახლა ამ მტრებთან ბრძოლის გადამწყვეტი დღე დგება. ახლა ქართველი ხალხის და საზოგადოების გმირობის დროა, რადგან ერთობლივი, კონსოლიდირებული მოქმედებით ავიცილებთ თავიდან იმ ხიფათს, რომელსაც გვიმზადებენ ბოროტი ძალები.
ჩვენ უნდა შევძლოთ თვითმობილიზება. ვინ ვისი მომხრეა, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ან მოყვარული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინც საქართველოს მომხრეა, ქვეყნის უსაფრთხოების მომხრე და ქვეყნის გადარჩენის მომხრე, ერთად უნდა დავდგეთ და საქართველო კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ.
არაერთხელ მითქვამს, და კიდევ ვიტყვი: დროა, საქართველო გამოცხადდეს მშვიდობის სახლად. ჩვენი იდეოლოგიური კონცეფცია არის მშვიდობა და ვინც საქართველოში მშვიდობას ემუქრება, ის საქართველოს ემუქრება განადგურებით. ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას ქვეყანაში და ჩვენ უნდა გადავრჩეთ, ეს ჩვენი ვალია და ეს ვალი თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მოიხადოს.

“საერთო გაზეთის” რედაქტორი:

ვახტანგ ხარჩილავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება