fbpx

არალის საჯარო სკოლის პედაგოგებს, პროფესიულ სფეროში ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობისათვის ვარსკვლავი გაუხსნეს

ღვაწლმოსილი პედაგოგები – თამარ ტატალაშვილი, გივი ტატალაშვილი და ნოდარ კაჭკაჭაშვილი არლის საჯარო სკოლაში მუშაობის 50 წელს ითვლიან. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არლის საჯარო სკოლის ორგანიზებითა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პედაგოგებს ვარსკვლავი გაუხსნეს, რის შემდეგაც საღამო პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიებით გაგრძელდა. ღონისძიებაზე, ღვაწლმოსილი პედაგოგების შესახებ, არაერთი საინტერესო, შთამბეჭდავი და ამაღელვებელი ისტორია გაჟღერდა. მოეწყო მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, სადაც სკოლასთან დაკავშირებული საჭიროებებიც განიხილეს. სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებმა პრეზენტაციაც მოაწყვეს და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვეს. ღონისძიებას სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა დამსახურებულ მასწავლებლებს პედაგოგიური მოღვაწეობის საიუბილეო თარიღი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. „მინდა გულითადად მოგილოცოთ საიუბილეო თარიღი. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, რომელსაც დღემდე დიდი შემართებით და სიყვარულით აგრძელებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“- აღნიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ. თამარ ტატალაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, გივი ტატალაშვილი – მათემატიკის, ნოდარ კაჭკაჭაშვილი კი ისტორიის მასწავლებელია. საქმისადმი სიყვარულით და მოსწავლეებთან განსაკუთრებული მიდგომით, უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვით თაობების სრულფასოვან აღზრდაში. თავისი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომით უდიდესი მადლიერება და სიყვარული მოიპოვეს მოსწავლე-მასწავლებლებში და საპატიო ადგილიც დაიკავეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება