fbpx

„ანტისამთავრობო სექტორმა“ ხელისუფლების გადატრიალების ახალი სქემა შემოგვთავაზა, ხოლო კანდიდატის სტატუსის მიღებაში ქვეყანას ვიღაცამ ხელი შეუშალა – ამაში დიდძალი, სახელმწიფოსთვის უცნობი, უკონტროლო ფული იხარჯებოდა – „უცნობი და უკონტროლო“ აქ საკვანძო სიტყვებია

„ანტისამთავრობო სექტორმა“ სწორედ ახლა შემოგვაყვედრა ქვეყანაზე დახარჯული მისტიკური მილიარდები, რომელთა მიზნობრიობას, ხარჯვით ნაწილს და რეალურ ოდენობას ბანალური, ჩინური კალკულატორი შეეწინააღმდეგა. არარსებულმა პასუხებმა კი დაბადეს კითხვები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი განმარტებით, უცხოეთიდან დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არათუ საჭირო არ არის, უკვე დაგვიანდა კიდეც, თუმცა ამას თავისი ლოგიკური მიზეზები აქვს და უფრო ადრე ვერ მოხერხდებოდა.

„ხალხის ძალის“ წევრი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ კანონს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„ნეტავ, უფლის გავლენის აგენტი ვიყო, მისი უზენაესი ნების გამტარებელი და ასეთი იყოს ჩემს გარშემო ათასი.

მაგრამ, სანამ ათასობით სულ სხვა გავლენების აგენტებით ვართ გარშემორტყმულნი, ე.წ. „ნეიტრალური“ მაყურებლის ერთ-ერთ ყველაზე ჩამჭრელ კითხვას მინდა გავცე პასუხი: „რატომ მაინცდამაინც ახლა?“. ვუპასუხებ:

დიახ, დაგვიანებულია. „გლობალური ომის პარტიის“ მეტასტაზების დამარცხების პროცესი ურთულესი გამოდგა და საქართველო ჯერ მის დასაწყისშია მხოლოდ. ამიტომაც „ახლა“ და არა – „უწინ“…

სწორედ ახლა შემოგვაყვედრეს ჩვენზე, „სამოქალაქო სექტორზე“, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე დახარჯული მისტიკური მილიარდები, რომელთა მიზნობრიობას, ხარჯვით ნაწილს და რეალურ ოდენობას შეეწინააღმდეგა ბანალური, ჩინური კალკულატორი. არარსებულმა პასუხებმა დაბადეს კითხვები…

დიახ, ახლა გამოვიდნენ ქვეყნის სცენაზე „ანტისამთავრობო სექტორად“ გადაქცეული „ენჯეოშნიკები“, რომლებმაც ხელისუფლების გადატრიალების ახალი სქემა შემოგვთავაზეს. დავინტერესდით – ეს მათ „თავისით“ მოუვიდათ თავში და თუ დავალება მიიღეს ასეთი. ვიკითხეთ პოტენციურ დონორთან – არაფერი გვიპასუხა…

ახლა იმიტომ, რომ ყველა პარამეტრით, ევროკომისიის შუალედური დასკვნით, საქართველო პირველ რიგში იმსახურებდა EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შეიქმნა მყარი შთაბეჭდილება, რომ მას ამაში ვიღაც მიზანმიმართულად უშლიდა ხელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის გარეთ. და ამაში მათ დიდძალი, სახელმწიფოსთვის უცნობი, უკონტროლო ფულადი ნაკადები ეხმარებოდა. „უცნობი და უკონტროლო“ აქ საკვანძო სიტყვებია…

ქვეყნის ომში გახვევის არა ერთი მოწოდების ფონზე, ქვეყნის დე ფაქტო ომში ისედაც ყოფნის და მოუშუშებელი ოკუპაციის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების სფეროს ელემენტარულ კითხვებზე მარტივი პასუხების მიღება წარმოადგენს: ვინ? ვის? რამდენს? რაში? ეს არის ნებისმიერი, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ანბანური უსაფრთხოების სფეროს განკუთვნილი ჭეშმარიტება. არ გჯერათ? – იკითხეთ იმავე ისრაელში.

გამჭვირვალობის მოთხოვნის (და არა ვინმეს აკრძალვის, ფიზიკური პირების დევნის ან სისხლის სამართლის დასჯის შემოღების) სტადიაზე მიღებული ასეთი არაადეკვატური რეაგირება, კიდევ უფრო ამძაფრებს შეგრძნებას, რატომ „ახლა“ და ბადებს სინანულს – რატომ არა „უწინ“. მაგრამ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

საქართველოს ხელისუფლებას მის კანონიერ უფლებაში, სრული მოცულობით და გამჭვირვალედ ფლობდეს საკუთარ სახელმწიფოში განვითარებულ პროცესებს, ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგება, სწორედ, სავარაუდოდ, „გლობალური ომის პარტიის“ მკვებავ „ძუძუზე“ მიერთებული ჩვენი „არასამთავრობო ბრახმაბები“. სხვადასხვა დიასპორული თუ კონფესიური პროექტების დამფინანსებლების მხრიდან: თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან თუ აზერბაიჯანიდან – თქვენ ეს აჟიოტაჟი არ გხვდებათ, რამეთუ მათ აქვთ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უდიდესი ნდობა და პატივისცემა და საერთოდ არ აშინებთ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ფილტრში გატარება…

შეიძლებოდა კიდევ ბევრი არგუმენტის მოყვანა, მაგრამ იმას, ვინც „ჩამჭრელ“ კითხვებს სვამს, ეს პასუხები გააღიზიანებს, ხოლო ვისაც ისედაც ყველაფერი კარგად გვესმის, ერთმანეთს მხნეობა და წარმატება ვუსურვოთ!“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება