fbpx

ანზორ მელიას და მის 110 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ კლინიკაში მომუშავე 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის გენერალური დირექტორი ანზორ მელიაც. ამის შესახებ ანზორ მელიამ „პრაიმტაიმთან“ თავად განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების წყარო პაციენტი იყო, რომელმაც მოიტყუა, რომ სიცხე არ ჰქონია.

„ჩვენ 10 დეკემბრამდე დავიხურეთ, რადგან თითქმის ყველა ექიმის კოვიდი აქვს, მეც კოვიდი მაქვს, სასწრაფო მთლიანად ინფიცირებულია. სულ 200-მდე თანამშრომელი გვყავს, ინფიცირებულია 40 ექიმი, 45 ექთანი და 30 სანიტარი. მათგან ზოგი სასტუმროში მკურნალობს, ზოგი სახლში. სახლში ვმკურნალობ მეც, იზოლაციაში ვარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებულია, ასევე, ჩვენი ტექნიკური პერსონალი.

ჩვენ მკაცრი ზომები მივიღეთ კოვიდის დაწყებიდან, მაგრამ ვირუსი შემოგვეპარა. ვირუსი ჩვენთან ავადმყოფმა მოიტანა, მოგვატყუა, რომ სიცხე არ ჰქონია და თურმე, ამ ავადმყოფს ოთხი დღე სიცხე ჰქონდა. როცა გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვა, რომ ოთხი დღეა, რაც სიცხე მაქვსო. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჩვენ გადმოგვადო ვირუსი“, – განაცხადა მელიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 118 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 98 781-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 124 მოქალაქე.

გაუზიარე!

Shares