ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე, პარტია “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ. როგორც წითლიძე აცხადებს, ბევრის მთქმელია, რომ ნიკა გვარამიას “ნაცებისგან” თამარ ჩერგოლეიშვილი იცავს, რომლის შესახებაც თავად გვარამია ამბობდა: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო”. მისივე თქმით, გვარამია “გადაცმულ ჩერგოდ” მოგვევლინა, რომელმაც ბოლომდე ისარგებლა სააკაშვილის ხელისუფლებით, ყველა პრივილეგიით და როდესაც ბოლომდე გაძარცვეს, მაშინ მიატოვეს. “ჩერგოლეიშვილი რომ გვარამიას ნაცებისგან იცავს — ეს უკვე ძალიან კარგი და ბევრისმთქმელია. ყოჩაღ გვარამიას — ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ჩერგოდ მოგვევლინა. რადგან მხოლოდ ეს არგუმენტი შემორჩათ ღალატის დასაფარად, მოდი, პუნქტობრივად მივყვეთ: 1. სააკაშვილისა და შევარდნაძის შემთხვევა საერთოდ არ ჰგავს გვარამიასა და სააკაშვილის შემთხვევას. სააკაშვილის მცდელობა არ ჰქონია შევარდნაძისთვის მოქალაქეთა კავშირი აეხია. წამოვიდა, შექმნა საკუთარი პოლიტიკური ძალა და შემდეგ არჩევნებში დაამარცხა შევარდნაძე. გვარამია კი წლების განმავლობაში თავად იყო სააკაშვილის უახლოესი პოლიტიკური მოკავშირე, მინისტრი, უკვე ოპოზიციაში პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი,იდეოლოგი და დამფუძნებელი მედიის ხელმძღვანელი. ჯერ „რუსთავი 2“-ის დირექტორი, შემდეგ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი — მედიის, რომელიც სწორედ სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალის, ავტორიტეტისა და ძალისხმევის საფუძველზე შეიქმნა. ბოლოს კი მივიღეთ სიტუაცია, როდესაც არხზე, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა იყო, თავად სააკაშვილის თემის გაშუქებაც პრობლემად იქცა. 2. შედეგებიც სრულიად განსხვავებულია. სააკაშვილის წასვლამ საბოლოოდ მოიტანა ვარდების რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება. გვარამიას წასვლამ კი ოპოზიციის შიგნით დამატებითი ფრაგმენტაცია გამოიწვია. არც ახალი პოლიტიკური იდეა წარმოუდგენია, არც ახალი ეროვნული დღის წესრიგი, არც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია. ერთადერთი შედეგი იყო ოპოზიციური ელექტორატის კიდევ უფრო დაქსაქსვა. 3. სააკაშვილს არასოდეს უთქვამს ის, რასაც გვარამია და მისი გუნდი წლების განმავლობაში ამბობდნენ. შევარდნაძისგან წასვლის შემდეგ სააკაშვილს არ დაუწყია საუბარი: “მაინც ერთნი ვართ“ “მე უფრო გამოვიყვან შევარდნაძეს, ვიდრე მისი პარტიის წევრები“; “მოქალაქეთა კავშირი მაინც შევა პარლამენტში და ოჯახში თუ ოთხნი ხართ, ორი ხმა ჩვენც მოგვეცით“. სააკაშვილი პირდაპირ ამბობდა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ გზას ირჩევდა და ხალხის მხარდაჭერას საკუთარი პოლიტიკური პროექტისთვის ითხოვდა. გვარამია კი წლების განმავლობაში ცდილობდა ერთდროულად ყოფილიყო „ცალკე პარტიაც“ და „მიშას მთავარი წარმომადგენელიც“. ეს პოლიტიკური გულწრფელობის საუკეთესო მაგალითი ნამდვილად არ არის. 4. ისტორიული და მორალური კონტექსტიც სრულიად განსხვავებულია. შევარდნაძე გადადგომის შემდეგ კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა. სააკაშვილი კი დღეს ციხეშია, მძიმე პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მუდმივი ყურადღების ქვეშ და რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ სამიზნედ რჩება. ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდისგან ყველაზე მეტი ერთიანობა იყო საჭირო, გვარამიამ საკუთარი პოლიტიკური პროექტის შექმნა არჩია. ამიტომ ამ ორი ისტორიის გაიგივება უბრალოდ არ გამოდის. 5. მთავარი განსხვავება აქ არის: ვის ებრძოდი და ვის ტოვებდი. სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავიდა ოპოზიციაში — სისტემის დასამარცხებლად. გვარამია ოპოზიციიდან ოპოზიციაში წავიდა — და პრაქტიკაში მისი მთავარი პოლიტიკური კონკურენტი სწორედ ენმ და სააკაშვილის პოლიტიკური სივრცე გახდა. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება. თუ ვინმეს უნდა, რომ სახის შესანარჩუნებლად ნებისმიერი პოლიტიკური წასვლა „ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესად“ მონათლოს, შეუძლია სცადოს, მაგრამ ფაქტები ჯიუტია. ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ. კიდევ უფრო გასაგებად: პ/ს სააკაშვილი შევარდნაძეს ოპოზიციაში კი არ გაემიჯნა, შევარდნაძის ხელისფლებიდან წავიდა, ღიად დაუპირისპირდა, ხელისუფლების პრივილეგიებზე უარი თქა, გვარამიამ და ჩერგონავტებმა კი ისარგებლეს ბოლომდე მიშას ხელისუფლებით, ყველა პრივილეგიით და ოპოზიციაში რომ წავიდა მერე გაემიჯნენ, ოღონდ მანდაც ბოლომდე გაძარცვეს და მაშინ მიატოვეს როცა ჩათვალეს რომ აღარ სჭირდებათ. სხვათა შორის, ძალიან კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო” – და ახლა რა ჰგონია ნეტავ?” – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.