ვეთანხმები ქალბატონ კელის, როგორც სხვა შემთხვევებში – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა” არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, სადაც ის “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ბრალდებებს, “უგუნურ, კონსპირაციულ თეორიებს” უწოდებს.
იაგო ხვიჩია მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატების ქმედებებს “ტროლინგს” უწოდებს.
“მთელი ეს ქმედებები თავისი მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა სიტყვა “ტროლინგთან”. როდესაც ასე, ჩვეულებრივი “ტროლივით” იქცევი ამერიკის საელჩოსთან, უცნაურად გამოიყურება და რაც უფრო მეტ კომენტარს გააკეთებ ასეთი ტიპის საქციელზე, მით ნაკლები მნიშვნელობა ექნება”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს „უგუნურ, კონსპირაციული თეორიებს“ უწოდებს.
„არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ვის წარმოადგენს, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიიდან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება“, – განაცხადა ელჩმა.