fbpx

ამირან გულუაშვილი – გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, ნიკა გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი

გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან აქვს მცდელობას ადგილი, გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი – ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ პირადად, საკუთარი მიზნებისთვის შეარჩია პორშეს ცენტრში საკმაოდ ძვირადღირებული მოდელი „პორშე მაკანესი“ , რომლის ღირებულება იმ პერიოდში იყო 76 700 ევრო. ეს ავტომანქანა საკუთრებაში მიღების მიზნით, აისახა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული კომპანიის საკუთრებად, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ გააჩნდა რუსთავი-2-თან, მაგრამ რეალურად ამ ავტომობილის ღირებულება სარეკლამო დროის სანაცვლოდ გადაიხადა რუსთავი-2-მა. „რაც შეეხება „პორშეს“ ეპიზოდს, სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან აქვს მცდელობას ადგილი, რომ ეს დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი, არადა, რეალურად ძალიან მარტივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო ბრალდება არასდროს ედავებოდა ნიკა გვარამიას მისი კომპანიის ავტომობილით სარგებლობას, ამგვარი რამ ბრალდების ფორმულირებაში არ წერია და პროკურორებს არასდროს გაუჟღერებიათ სასამართლოში. მოცემულობა იყო შემდეგი – ნიკა გვარამიამ პირადად, საკუთარი მიზნებისთვის შეარჩია პორშეს ცენტრში საკმაოდ ძვირადღირებული მოდელი „პორშე მაკანესი“ , რომლის ღირებულება იმ პერიოდში იყო 76 700 ევრო. ეს ავტომანქანა საკუთრებაში მიღების მიზნით, აისახა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული კომპანიის საკუთრებად, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ გააჩნდა რუსთავი-2-თან, მაგრამ რეალურად ამ ავტომობილის ღირებულება სარეკლამო დროის სანაცვლოდ გადაიხადა რუსთავი-2-მა. ფაქტობრივად, ის თანხა, რომელიც უნდა მიეღო რუსთავი-2-ს დახარჯული სარეკლამო დროის თვალსაზრისით, მოხმარდა ნიკა გვარამიას პირადი საჭიროებისთვის კომფორტული და ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას, რომელიც არასდროს წარმოადგენდა და დღესაც არ არის რუსთავი-2-ის საკუთრება და აისახა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული კომპანიის ბალანსზე. ამ დანაშაულებრივი ქმედებით პირდაპირი ზიანი მიადგა რუსთავი-2-ს, ის თანხა, რომელიც რეალურად მას უნდა მიეღო გაწეული რეკლამისთვის, მოხმარდა ნიკა გვარამიასთვის პირადი ავტომობილის შეძენას. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებში და გარკვეულ შემთხვევებში ფაქტობრივი გარემოებების გაზიარებაში, თქვენ იცით, რომ ერთერთ ეპიზოდთან დაკავშირებით მოხდა ბრალდებულების გამართლება, ნაწილობრივ შემთხვევებში კვალიფიკაციის შეცვლა. ჩვენი პოზიციაა, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა იმისთვის, რომ ბრალდების კვალიფიკაცია დარჩენილიყო განაჩენში იმგვარად, როგოც იყო განსაზღვრული ბრალდების წარდგენისას, ბუნებრივია ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით, „პორშე მაკანესის“ ეპიზოდი არ გულისხმობს ავტომანქანით სარგებლობას, ეს არის თანმდევი შედეგი, რაც დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შედეგად სარგებლის სახით მიიღო ნიკა გვარამიამ. გვარამია არ წარმოადგენდა რუსთავი-2-ის 100%-იანი წილის მფლობელს, ის იყო კონკრეტულ მენეჯერულ პოზიციაზე, რომელსაც ევალებოდა კეთილსინდისიერად მოქცეულიყო და კომპანიისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე ეზრუნა. მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა პირადი მიზნებისთვის კომპანიისთვის ზიანის მიყენება. იმის ნაცვლად, რომ რუსთავი-2-ის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ შეძენილი ავტომანქანა ასახულიყო როგორც ტელეკომპანიის საკუთრება და გამხდარიყო კომპანიის აქტივების შემადგენელი ნაწილი, ავტომანქანა აისახა სულ სხვა კომპანიის სახელზე ფიქტიურად, ის რეალურად შეძენილი იყო ნიკა გვარამიას პირადი სარგებლობისთვის და ამ გზით რუსთავი-2-მა განიცადა ფინანსური ზიანი – საუბარია 76 700 ევროზე, რომელიც იმ პერიოდში დაახლოებით 230 000 ლარი იყო“ – განაცხადა ამირან გულუაშვილმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება