fbpx

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შაბათ-კვირას კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ დროს მოქალაქეებში ტესტირების ჩატარება იკლებს და ამის ფონზეა მკვეთრი შემცირებაც. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად შაბათ-კვირის მონაცემებისა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2 000-დან 3 000-ის ფარგლებშია.

“შაბათ-კვირის მაჩვენებელი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ დროს ტესტირების მაჩვენებელი იკლებს და ამის ფონზეა ახლა, ასეთი მკვეთრი შემცირება. ჩვენ ჯერ ისევ 2 000-დან 3 000-ის ფარგლებში ვართ“ ,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ისაუბრა დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კოვიდ19-ის ახალი შტამის თაობაზეც, გამყრელიძის თქმით, ის მარტივად ვრცელდება, თუმცა მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს.

„რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები, ამიტომ ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იმავეა, ან კიდევ უფრო მსუბუქი. ასეთია ბრიტანელების და სხვა მეცნიერების პირველადი მონაცემები. შტამებზე დაკვირვება სულ მიმდინარეობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაცით, იგი ”მჭიდრო კავშირშია” გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის გაჩენის გამო. მათივე ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ ითვლება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.

ცნობისთვის, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 208638 შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 2094 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელებულია 180441 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება