fbpx

ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რომ უკეთესი გახდეს დღევანდელი დღე-ირაკლი ღარიაბაშვილი

თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვინაიდან, ახლა ვირჩევთ თვითმმართველი ორგანოს მერს, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ხალხზე ზრუნვა, მათი რეალური პრობლემების გადაჭრა ადგილზე დროულად და ეფექტიანად.

“ყველას მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. მივესალმები ხელვაჩაურს და  ჩვენს ულამაზეს აჭარას. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, მობრძანებისთვის. ჩვენი დიდი ოჯახის, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს მადლობას ვუხდი ერთგულებისთვის და თქვენი ბრძოლისთვის. სწორედ ჩვენი ბრძოლის და ერთგულების ფასად, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ 7 ღირსეულ და ძლიერ გამარჯვებას 7 არჩევნებში.

ჩვენ ახლა ვემზადებით ასევე დამაჯერებელი, ძლიერი გამარჯვებისთვის, რიგით მე-8 არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვინაიდან, ახლა ვირჩევთ თვითმმართველი ორგანოს მერს, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი მერების მთავარი საზრუნავი და ჩვენი ყველას საზრუნავი არის, უნდა იყოს  და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენს ხალხზე ზრუნვა, მათი რეალური პრობლემების გადაჭრა, გადაწყვეტა, მოგვარება ადგილზე დროულად და ეფექტიანად, ისე, რომ არცერთი მოქალაქე ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის, არ დარჩეს ზრუნვის და ყურადღების გარეშე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და ეს უნდა იყოს მთავარი დავალება და მთავარი მოტივაცია თითოეული მერის, მმართველის, ყველა იმ ადამიანის, ვინც არის ჩართული დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებაში.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან მოკლედ უნდა შევაჯამოთ ახლა, რომ ძალიან ბევრი პროგრესი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში დამკვიდრდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა ის განვითარება, წინსვლა და პროგრესი, რომელიც თითოეულ რეგიონს, თითოეულ ქალაქს და მუნიციპალიტეტში შემოვიდა.

ძალიან მოკლედ შეიძლება ჩამოვთვალოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც, მაგალითად ხელვაჩაურის რაიონში, ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ერთად განვახორციელეთ, იქნებოდა ეს გზების რეაბილიტაცია, გაზგაყვანილობა, სკოლების, ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ამბულატორიების მშენებლობა და მათი აღჭურვა. ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგალითად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს დღევანდელი დღე, უკეთესი გახდეს ჩვენი ხვალინდელი დღე, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უკეთესად შეეძლოთ გადაადგილება, მომსახურების მიღება და ა.შ.

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ დღევანდელი დღე იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო გუშინდელი დღე და რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღე უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ განჭვრეტადობა, ანუ სტაბილურობის განცდა. პროგნოზირებადი გარემო უნდა გავხადოთ ყველგან, ყველა ქალაქი, ყველა სოფელი, ყველა რეგიონი, უნდა იყოს სტაბილური, უნდა იყოს განვითარება ყველა რეგიონში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი მოქალაქე უნდა გეგმავდეს ხვალინდელ დღეს, უნდა იცოდეს მან, რა უნდა გააკეთოს დღეს და როგორ დაგეგმოს საკუთარი მომავალი ხვალინდელ დღეს”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება