fbpx

ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ
მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების
მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა
კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, კონცეპტუალური დიზაინ-პროექტი დგება და
ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე
ტენდერები გამოცხადდება.
„სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, პირველი კომპლექსის N4-ში 9-
სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 126 ოჯახი
ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისგან შენობის დემონტაჟზე თანხმობა
მივიღეთ. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების 20-
სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელსაც -2 სართულზე ექნება საპარკინგე
ადგილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ავარიული კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება
დიდუბის რაიონშიც.
„დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის პირველ კვარტალში, 14 ა კორპუსის
დემონტაჟი მოხდება, სადაც 135 ოჯახი ცხოვრობს. აქაც 20-სართულიანი კორპუსი
აშენდება და -2 სართულზე პარკინგი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება